გასულ წელს საქართველოში 1 6191 გემი შემოვიდა, რომელთა 17.6% თურქეთზე მოდის

2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 1 6191 გემი შემოვიდა, რომელთა 34.5% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 29.3 % - თხევადი ტვირთმზიდი, 27.2% - კონტეინერმზიდია, ხოლო დანარჩენი 9.0% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 47.7%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 37.9%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი, 9.4%-ით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 5.7%-ით ნაკლები - სპეციალიზებული და 3.1%-ით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი.

ამასთან, 2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17.6% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6% - პანამის, 14.6% - ლიბერიის, 9.1% - მალტის, 4.6 % - რუსეთის, 4.4% - ბულგარეთის დროშის ქვეშ, ხოლო 34.1% სხვა ქვეყნებზე ნაწილდებოდა.

საქსატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ნავსადგურები 11.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45.0%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 50.8%-ს შეადგენს.

როგორც სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, 2023 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13 886.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 7.5%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.3% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31.7 % - თხევადი ტვირთი, 25.0% კი - ნაყარი ტვირთი.

ნინი ქეთელაური