საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 0.3%-ია ელექტრომობილი - მათი რაოდენობა 1 800 ერთეულით გაიზარდა

2023 წლის ბოლოს საქართველოს მასშტაბით, 1 680 400 ავტომობილია რეგისტრირებული. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლიდან მოყოლებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება საქართველოში. შედარებისთვის, 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 228 100 ავტომობილი. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წელს 1 563 200 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ წლიური ზრდა - 117 200 ერთეულია.

„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ, 2023 წელს რეგისტრირებული ავტომობილებიდან ძირითადი - 85.6% ანუ 1 438 600 ერთეული იყო მსუბუქი ავტომობილი; 118 ათასი - სატვირთო; 54 100 ავტობუსები და მიკროავტობუსები; 69 600 - სპეციალური დანიშნულების; ხოლო 100 ერთეულის კატეგორია უცნობია.

რაც შეეხება წლოვანებას, გასული წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ავტომობილების ძირითადი 82.3% არის 10 წელზე მეტი ასაკის. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საუბარია 1 383 000 ერთეულ ავტომობილზე. 7 300 ერთეული ავტომობილის ასაკი უცნობია; 210 700 ერთეული არის 5-10 წლის; 46 500 ავტომობილი 2-5 წლის; 33 ათასი ავტომობილი არის 2 წელზე ნაკლების.

რაც შეეხება საწვავის ტიპს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს რეგისტრირებული 1 680 400 ავტომობილიდან, 1 400 ერთეული - აირზე მომუშავე; 691 800 ავტომობილი - ბენზინზე; 330 200 ავტომობილი - დიზელზე მომუშავე იყო.

ამასთან, გასული წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული იყო 5 100 ერთეული ელექტომობილი; 136 500 ავტომობილი კი ჰიბრიდი იყო. აღსანიშნავია, რომ წლიურად ანუ 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით ელექტრომანქანების რაოდენობა 1 800 ავტომობილით არის გაზრდილი.

თაია არდოტელი