ქვეყნის მასშტაბით, დაარსებიდან - 2016 წლიდან ჯამში, 200-მდე ხის სახლი და სასტუმრო გვაქვს აშენებული, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „დიდოსტატის“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა თინათინ სამყურაშვილმა განუცხადა.
თინათინ სამყურაშვილის თქმით, კომპანიის მთავარი მიზანია ააშენოს ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯები, რისთვისაც მასალად ნატურალურ ბამბას, ეკოლოგიურად სუფთა საღებავსა და ციმბირულ ფიჭვს იყენებენ.
„კანონი შემოვიდა ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით და ამ კანონის სტანდარტებს ისე ვაკმაყოფილებთ, რომ ცვლილების შეტანა და თბოიზოლაციის დამატება არ მოგვიწია, რადგან ისედაც ასეთი პირობებით ვაშენებთ.
ჩვენი ხის სახლები არის სეისმურად მდგრადი და მიწისძვრის რხევებს უძლებს. მასალა რომელსაც ვიყენებთ, არის დამუშავებული და ტენიანობის მიხედვით ცვლილებას არ განიცდის,“ - ამბობს სამყურაშვილი.
მისივე თქმით, კომპანია სამშენებლოდ იყენებს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების ნედლეულს. ძირითადად, იმპორტირებული მასალა უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი, თუმცა, რესპონდენტის თქმით, არის შემთხვევები როცა ფასი თითქმის ერთმანეთს უტოლდება.
„გარე მასა რაც გამოიყენება, ყველა შემთხვევაში არის იმპორტირებული, მაგრამ კარკასის მხრივ განსხვავდება ფასი იმპორტირებულის და ადგილობრივი ნედლეულის. შეთავაზებას ვუკეთებთ მომხმარებელს, მაგრამ უმეტესობა უპირატესობას იმპორტირებულს ანიჭებს. იმპორტირებული უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი, მაგრამ არის პერიოდი, როდესაც უთანაბრდება თითქმის ერთმანეთს“, - განაცხადა სამყურაშვილმა.
სამყურაშვილის თქმით, იმპორტირებულ მასალებზე ფასის ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, რა დროსაც მასალაზე ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, ბოლო 6-თვეში კი ფასი დასტაბილურდა.
რაც შეეხება მოთხოვნას, როგორც სამყურაშვილი აღნიშნავს, პანდემიამ ხის სახლების ტიპებზე მოთხოვნა შეცვალა, იქამდე თუ 2-3 სართულიანი კოტეჯების აშენებაზე იყო მოთხოვნა, პანდემიის შემდეგ დამკვეთები უპირატესობას ანიჭებენ 1-2 საძინებლიან ინდივიდუალურ ხის სახლებს.
სამყურაშვილის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი კოტეჯი არის დაახლოებით 60 კვ.მ-იანი. მის ასაშენებლად კომპანიას დაახლოებით თვე-ნახევარი სჭირდება. რაც შეეხება კვადრატულის ფასს, ხარისხის და დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით, 1 300 ლარიდან იწყება.