ევროკომისარი - EU უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე კონტროლს გააძლიერებს

ფერმერების შეშფოთების დასამშვიდებლად ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე კონტროლს გააძლიერებს, - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა ადინა ვალეანმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ევროპის მასშტაბით ფერმერები რიგი პრობლემების გამო პროტესტებს აწყობენ, მათ შორის იმის გამო, რასაც ისინი უკრაინის მხრიდან არასამართლიან კონკურენციად მიიჩნევენ.

უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ბევრი ფერმერი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ „სოლიდარობის დერეფნების” გახსნის, საბაჟო მოსაკრებლების გაუქმებისა და სხვა ზომების შემოღებით მათი ინტერესები დაზიანდა.

„საზღვრების ჩაკეტვა - არასდროს არ არის კარგი იდეა, მითუმეტეს მეზობელთან, რომელიც ასე საჭიროებს კავშირს. სანამ შეთანხმებები სათანადოდ სრულდება, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, და ამის შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებაზე ვმუშაობთ… სხვა სიტყვებით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადამზიდველები შეთანხმებების პირობებს არ არღვევენ. რომ მხოლოდ ორმხრივი ოპერაციების შესრულება შეუძლიათ, რომ ტრანზიტის უფლება აქვთ”, - განაცხადა ვალეანმა.

მისი თქმით, ამ ვაჭრობიდან სარგებელი ევროკავშირსაც შეუძლია, ვინაიდან საავტომობილო ტრანსპორტით პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან უკრაინაში ექსპორტი ორნიშნა ციფრებით გაიზარდა, რაც საქონლის მოცულობის ზრდას აღემატება, რომელიც უკრაინიდან ამ ქვეყნებში მიდის.