„მერიამ 97 ათასი ლარის პრემია გასცა“ - აუდიტს პრემიის გაცემის საჭიროება ვერ დაუსაბუთეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021-2022 წლების ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2017-2022 წლებში შპს „ქობულეთის წყლის“ 68 თანამშრომელზე ხელფასის სახით გაცემულია 260,139 ლარით მეტი, ხოლო 92 თანამშრომელზე − 129,505 ლარით ნაკლები.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული თანხები დავალიანების სახით არ არის აღრიცხული. ამასთანავე, საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით, 2017-2022 წლებში პრემიის სახით გაცემულია 96,688 ლარი.

„პრემიის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემულია დირექტორის შესაბამისი ბრძანებები, თუმცა მათი არგუმენტების დოკუმენტური დადასტურება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთანავე, არ წარმოებდა სამუშაო დროის აღრიცხვა, რის გამოც აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება ხელფასის ხარჯისა და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესადარისობის შესახებ. აუდიტის მასალები, აუდიტის მიმდინარეობის დროს, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა პროკურატურაში“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, დარღვევები გამოვლინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. კერძოდ, მერია თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებას არ აღრიცხავს, არ მიმდინარეობს სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვა და ხელფასების დარიცხვა ხდება მხოლოდ საშტატო განრიგის საფუძველზე.

ამასთანავე, რიგი თანამშრომლების ხელფასები, ჯამში 2,249 ლარი, არასწორად გადაერიცხათ სხვა თანამშრომლებს. არასწორად გადარიცხული ხელფასები თანამშრომლებს შორის პირადი ანგარიშსწორებით დარეგულირდა და მათი სათანადო აღრიცხვა არ განხორციელებულა.

„წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სრული განაკვეთით დასაქმების პირობებში 26 თანამშრომელი, რომელთა ანაზღაურებამ 2021-2022 წლებში 148,195 ლარი შეადგინა, პარალელურად ირიცხებოდნენ ასევე მუნიციპალიტეტის სხვა დაწესებულებების მუშაკებად, სადაც შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ 137,202 ლარი. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

მერი ტაბატაძე