ქართული ფეხსაცმელი თურქულს და ჩინურს კონკურენციას ვერ უწევს

ქართული ფეხსაცმლის წარმოებას პრობლემა აქვს. ბიზნესის სფერო მთლიანად დამოუკიდებელ მეწარმეთა საქმიანობაზეა მინდობილი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში დამზადებულ ფეხსაცმელზე მოთხოვნა თითქმის არ არის. მეწარმეები ჩივიან, რომ ჩინური და თურქული წარმოების იაფიანი პროდუქციის მოჭარბების გამო რეალიზიაცია უჭირთ.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ქართული წარმოების ფეხსაცმლის წილი ადგილობრივ ბაზარზე 10%-ს არ აღემატება. ამ ეტაპზე საქართველოში ფეხსაცმლის ფაბრიკები თითზე ჩამოსათვლელადაც არ არის. საბჭოურ პერიოდში ცნობილი ფეხსაცმლის ფაბრიკები რამდენიმე წლის წინათ დახურეს და წარმოების ბედს დიზაინერები და მცირე მეწარმეები განსაზღვრავენ, რომლებსაც მუშაობა უმეტესწილად, ინდივიდუალურ შეკვეთებზე უწევთ.

წარმოების ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ქართული წარმოების ფეხსაცმელზე მოთხოვნის შემცირებაა. ასეთი ტენდენცია  ქართულ ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში შეიმჩნეოდა, თუმცა ბოლო დროს მოსახლეობა ადგილობრივი წარმოების ფეხსაცმლითაც ინტერესდება.

”ეროვნული ფეხსაცმლის სამკერვალოს” წარმომადგენლის გიორგი გონიაშვილის ინფორმაციით, ქართულ წარმოებას ბაზრის მხოლოდ 10% უჭირავს. ”ადგილობრივ წარმოებაში ცუდი მდგომარეობაა. ფაბრიკებზე საუბარი აღარ არის, ისინი უკვე აღარც არსებობენ. რაც იყიდება, მცირე საამქროების ნაწარმია, რომელთა ნაწილს რეალიზაცია სერიოზულად უჭირს. პროცენტულად, ჩვენს ნაწარმს ბაზრის მხოლოდ 10% უკავია. დანარჩენი 90% უცხოურ ნაწარმზე მოდის. ეს, გარკვეულწილად, ინტერნეტ გამომწერებითა და იაფი ფეხსაცმლის მიმართ გაზრდილი მოთხოვნით არის გამოწვეული. რაც შეეხება კონკრეტულად, ჩვენს საქმიანობას, ტრადიციული ფეხსაცმლის წარმოებაზე ვართ ორიენტირებულნი. სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ვთანამშრომლობთ. ნედლეულადაც ეროვნულ ნაწარმს ვიყენებთ. დიდი ხნის განმავლობაში არაფერი კეთდებოდა, მაგრამ მდგომარეობა ცოტათი შეიცვალა და ქართული პროდუქციით ხალხი დაინტერესდა. სახელმწიფოს მხრიდანაც ცოტა მხარდაჭერა თუ გვექნება, დარგს აუცილებლად მიეცემა განვითარების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც შევძლებთ და გვექნება შანსი, რომ უცხოურ ბაზრებზეც გავიდეთ”,- აცხადებს გონიაშვილი.

ქართველი დიზაინერების ნამუშევრებში, ტანსაცმელთან ერთად, ბოლო დროს ფეხსაცმლის მიმართულებაც გაჩნდა. მართალია, ცალკეული ინიციატივით წარმოება ვერ განვითარდება, თუმცა ამისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

დიზაინერი ანი ტიტვინიძე ამბობს, რომ საქართველოში დამზადებული ფეხსაცმლის მიმართ ინტერესი თანდათან მატულობს

, რაც შეკვეთების რაოდენობაზეც აისახება, თუმცა ცალკეული ინიციატივით ქართული ფეხსაცმლის წარმოება ვერ განვითარდება. ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი, დიზაინერის თქმით, ბაზარზე იაფი პროდუქციის სიჭარბეა, რის გამოც ქართული ნაწარმი უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს.

”ქართული წარმოების ფეხსაცმელი ხარისხიანია და აქვს პოტენციალი, უცხოურს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. ვფიქრობ, რომ პროდუქცია სწორად თუ იქნა მიწოდებული, ბაზრის მინიმუმ 40%-ის ათვისებას შევძლებთ. საქართველოში რამდენიმე საწარმოა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, მცირე სერიული წარმოება შესთავაზონ. ფასით, რა თქმა უნდა, კონკურენციას ვერ გაუწევს ჩინურ ფეხსაცმელს, მაგრამ ხარისხი ბევრად მაღალია. მოთხოვნამ ცოტათი მოიმატა, რაც იმედიანად განგვაწყობს. ჩვენთან წყვილი ფეხსაცმლის ფასი 150 ლარიდან იწყება და ხარისხის შესაბამისად მატულობს. წარმოების პროცესში ქართულ ნედლეულს ვიყნებთ. ჩემი აზრით, ქართველი მომხმარებლისთვის გაურკვევლობის პერიოდმა გაიარა. ახლა მეტი ინფორმაციაა ადგილობრივ წარმოებაზე, რომელიც ეს-ეს არის განვითარებას იწყებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ მოთხოვნა გაიზრდება და მოსახლეობა ადგილობრივ წარმოებას თვალყურს მეტი ინტერესით მიადევნებს”,- აცხადებს ანი ტიტვინიძე.

ეროვნული ფეხსაცმლის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას კომპანია ”ლევანტოს” წარმომადგენელი უფრო იმედიანად აფასებს

და საუბრობს იმ მიღწევებზე, რაც ფეხსაცმლის წარმოებაში კომპანიას აქვს. კომპანიის ხელმძღვანელის რამაზ მაღლაფერიძის ინფორმაციით, მოთხოვნამ ქართული ფეხსაცმლის მიმართ მოიმატა, რაშიც ”ლევანტოს” წვლილი ძალიან დიდია. მისივე თქმით, კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომლის ნაწარმი უკვე უცხოურ ბაზარზეც გაჩნდა, თუმცა ფირმა ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული.

”ფეხსაცელს 2004 წლიდან ვაწარმოებთ. იმ ფონზე, როდესაც ბაზარი იაფფასიანი თურქული ნაწარმით იყო გაჯერებული, წარმოება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ დღესდღეობით სიძნელეები გადავლახეთ. წარმოებულ პროდუქტს აქტიურად ვყიდით არა მარტო დედაქალაქის, არამედ ქვენის მასშტაბითაც. ფეხსაცმელს ნატურალური ნედლეულისგან ვკერავთ. ნედლეული თურქეთიდან შემოგვაქვს. თურქულის გარდა, ვიყენებთ ასევე ესპანურ და იტალიურ ნედლეულსაც. წარმოებაში გამოიყენება იტალიური დანადგარები, რაც ფეხსაცმლის მაღალ ხარისხს განაპირობებს. ვგეგმავთ ჩვენი ნაწარმის უცხოურ ბაზარზე გატანასაც. ამ ეტაპზე ” ლევანტოს” ბრენდით ქართული ფეხსაცმელი გადის მხოლოდ ყაზახეთში. დაინტერესება არის რუსეთიდან და უკრაინიდან, სამომავლოდ ექსპორტს ამ მიმართულებითაც დავგეგმავთ”,- აცხადებს მაღლაფერიძე.

წარმატებული კომპანიის საქმიანობისგან განსხვავებით, პრობლემა აქვთ ინდმეწარმეებს, რომლებიც ქართული წარმოების ფეხსაცმელზე მოთხოვნის შემცირების მიზეზად ინტერნეტგამოწერებს და ბაზარზე იაფფასიანი, უცხოური ფეხსაცმლის წარმოების ბიზნესს მიიჩნევენ. მათი ინფორმაციით, ადგილობრივ საწარმოებში შეკვეთების სიმცირეა. რისი ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებაა. ინდმეწარმეების განცხადებით, საქართველოში ფეხსაცმლის რამდენიმე საამქრო დაიხურა, ზოგიც - დახურვის პირასაა, რაც ბაზრის არასტაბილური ვითარებითაა გამოწვეული.

მოთხოვნა შედარებით შენარჩუნდა ბაზრობებზე, სადაც ფეხსაცმლის ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასია. ინდმეწარმე დათო კვაშილავა ამბობს, რომ საწარმო ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს. ”ზოგადად, ფეხსაცმლის ბიზნესში პრობლემაა. სულ რამდენიმე საწარმოა დედაქალაქის მასშტაბით, სადაც ვითარება შეიძლება სტაბილური იყოს. ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობთ. ჩვენი ფეხსაცმელი მოსახლეობის თითქმის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია, ხარისხის შესაბამისი. ადრე აქტიური მუშაობა გვქონდა, მაგრამ რაც ფეხსაცმლის ინტერნეტგამოწერა გააქტიურდა, შეკვეთები შეგვიმცირდა”,- ამბობს კვაშილავა.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”