„განვიხილავთ როგორ შეუძლია საქართველოს ინტეგრირდეს EU-ის ერთიან ბაზარზე“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა

ფინანსთა სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გაიმართა შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს „ეკონომიკური რეფორმების პროგრამას“ 2024-2026 წლებისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ელოდებიან რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკის ფინანსური მდგომარეობისა და მაკრო-ფისკალური სტაბილურობის შესახებ.

„ევროკომისიის რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ვიმყოფებოდი ფინანსთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ეკონომიკური რეფორმის პროგრამა და ვიწყებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა სენდეროვიჩმა.

მანვე აღნიშნა, რომ განიხილავენ ვარიანტებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია გაუმკლავდეს ქვეყანა ევროკავშირის ბაზრის გამოწვევებს და ინტეგრირდეს ერთიან ბაზარზე.

„ეკონომიკური რეფორმების პროგრამების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება ხდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის. ეს იქნება საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი პროცესის ნაწილი. განვიხილავთ ვარიანტებს, თუ როგორ შეუძლია გაუმკლავდეს ქვეყანა ევროკავშირის ბაზრის გამოწვევებს და ინტეგრირდეს ერთიან ბაზარზე“, - ამბობს ნიკოლას სენდეროვიჩი.

მერი ტაბატაძე