ლატვიის შემდეგ რუსულნომრიანი ავტომობილების კონფისკაციას ლიეტუვაც იწყებს

ლატვიის შემდეგ რუსულნომრიანი ავტომობილების კონფისკაციას 11 მარტიდან ლიეტუვაც იწყებს. განცხადებას ქვეყნის საბაჟო სამსახური თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ლიეტუვაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს მართავენ. 11 მარტამდე მათ ან უნდა დაარეგისტრირონ მანქანები ლიეტუვაში, ან ევროკავშირის ტერიტორია დატოვონ.“

კერძოდ, 11 მარტიდან რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების მფლობელები კანონის დებულებების დამრღვევად ჩაითვლებიან და სასჯელი ლიეტუვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 515-ე მუხლით დაემუქრებათ.

გამონაკლისი შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც კალინინგრადის ოლქში ტრანზიტით მიემგზავრებიან ან უკან ბრუნდებიან. მათ ავტომობილებს ლიეტუვის ტერიტორიაზე 24 საათზე მეტხანს გაჩერება ეკრძალებათ. ამ ხნის განმავლობაში მეპატრონე აუცილებლად ავტომობილში უნდა იმყოფებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანას ქვეყანაში არ შეუშვებენ.

ცნობისთვის: რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების გამოყენება 14 თებერვლიდან ლატვიაში აიკრძალა. საგზაო მოძრაობის კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რუსეთიდან ჩასულ მძღოლებს ავტომობილები ლატვიაში უნდა დაერეგისტრირებინათ ან არაუგვიანეს 2024 წლის 14 თებერვლისა ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ ლატვიის გზებზე არარეგისტრირებული რუსულნომრიანი ავტომობილის მოძრაობა გამოვლინდება, მას მეპატრონეს ჩამოართმევენ. ამასთან, მანქანის მფლობელს 150-დან 400-მდე საჯარიმო ერთეულის გადახდა დაეკისრება. ერთი საჯარიმო ერთეული 5 ევროს უდრის. ამდენად, ჯარიმის თანხამ შესაძლოა, 750-დან 2,000 ევრომდე შეადგინოს. ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩამორთმეული ავტომობილი უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ