„როსნეფტმა“ გერმანული აქტივების გაყიდვა დაიწყო

„როსნეფტმა“ გერმანული აქტივების გაყიდვა დაიწყო და გარიგების დასრულებას 2024 წლის სექტემბრისთვის გეგმავს. ინფორმაციას Reuters გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ამ გარიგებას, მათ შორის, შემდგომ იურიდიულ გარანტიებს გადავამოწმებთ. ჩვენი ქმედებების მთავარ მიზნად რჩება ენერგომომარაგების უზრუნველყობა, განსაკუთრებით კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა PCK Schwedt-ის საქმიანობისთვის,“ - აცხადებენ გერმანიის მთავრობაში.

PCK Schwedt-ის გადამამუშავებელ ქარხანაში „როსნეფტი“ 54,17%-იან წილს ფლობს.

Reuters განმარტავს, რომ „როსნეფტის“ გერმანული აქტივების ამჟამინდელი სამთავრობო „მეურვეობის“ ვადა 10 მარტს იწურება, ახალი ვადა კი კიდევ ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო, ასევე, წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ამ „მეურვეობის“ წინააღმდეგ „როსნეფტის“ სარჩელის განხილვა შეაჩერა.

ცნობისთვის: 2022 წლის სექტემბერში გერმანიის მთავრობამ „როსნეფტს“ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული აქტივები ჩამოართვა. კერძოდ, ფედერალურმა მთავრობამ, ენერგეტიკული უსაფრთხოების აქტის საფუძველზე, საწარმოები, Rosneft Deutschland GmbH და RN Refining & Marketing GmbH ფედერალური ქსელის სააგენტოს ნდობის მენეჯმენტს დაუქვემდებარა. მაშინდელ სამთავრობო დოკუმენტში წერია, რომ „ფედერალური ქსელის სააგენტო Rosneft Deutschland-ს, ისევე, როგორც სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, PCK-ის (შვედტი), MiRo-სა (კარლსრუე) და Bayernoil-ის (ვობურგი) შესაბამის წილებს აკონტროლებს.“ მას შემდეგ ეს გადაწყვეტილება რამდენჯერმე გახანგრძლივდა, მისი მოქმედი ვადა კი 10 მარტს იწურება. თავად „როსნეფტი“ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს კონტროლქვეშ მისი აქტივების გადაცემას ექსპროპრიაციას უწოდებს.

გერმანიის მთავრობა თვლის, რომ „რეგულარული ექვსთვიანი გადავადება გრძელვადიან პერსპექტივაში საკითხის მდგრად გადაწყვეტას არ წარმოადგენს,“ ამიტომ „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიის, Rosneft Deutschland-ის ნაციონალიზაციას განიხილავდა.