ქიმწმენდის ობიექტებს რეგისტრაცია მოუწევს - მთავრობის დადგენილება

ქიმწმენდის ობიექტებს რეგისტრაცია მოუწევს. აღნიშნულს გულისხმობს „ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქიმწმენდის საწარმო ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „ქიმწმენდის საწარმოდ“.

ამასთან, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ქიმწმენდის საწარმოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო წესით გამოყენების, მოვლისა (გაწმენდა და რეცხვა) და შენახვის პირობები. ასევე დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირის პერიოდული სამედიცინო შემოწმება.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ამასთან, აკრძალულია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.

ცნობისთვის, რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებზე ზედამხედველობა 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან განხორციელდება.

თაია არდოტელი