დონალდ ტრამპმა შესაძლოა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

ამერიკელმა მილიარდერმა და უძრავი ქონების მაგნატმა, დონალდ ტრამპმა 16 ივნისს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება დააანონსა. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, იგი სავარაუდოდ, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს. რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სერიოზულად ფიქრობს კენჭისყრაზე. "ყველა ფიქრობს, რომ მე ამას ვაკეთებ გართობისთვის, ან იმისთვის, რომ ეს კარგია ჩემი ბიზნესისთვის. თუმცა, ეს ასე არ არის. მე ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანა სერიოზულ გასაჭირშია. შემიძლია ვთქვა, რომ ივლისის შუა რიცხვებში, ან ივნისის ბოლომდე მე მივიღებ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ხალხი გაკვირვებული დარჩება", - განუცხადა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიას თებერვლის ბოლოს.

ამასთან "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ტრამპმა, რომელიც მსხვილ სამშენებლო კომპანიას და სასტუმროებისა და კაზინოების მმართველ კომპანიას ფლობს, საარჩევნო კამპანიის დაწყების მიზნით, უკვე დაიქირავა თანამშრომლები და პოლიტიკის ექსპერტები. მან ასევე უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა შტატის ადგილობრივ პოლიტიკოსებთან.