ევროკავშირი რუსულ თხევად გაზზე სანქციების გარეშეც ამბობს უარს - დირექტივა აპრილიდან ამოქმედდება

ევროკომისია ევროკავშირისთვის რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების ეტაპობრივი აკრძალვის დირექტივას აპრილში აამოქმედებს. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხადა.

„ჩვენ მოველით, რომ ევროპარლამენტი ამ დირექტივაზე საბოლოო კენჭისყრას აპრილში, სტრასბურგში გამართულ პლენარულ სესიაზე გამართავას. ეს ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რუსული LNG-ის წინააღმდეგ ზომები სანქციების გამოყენების გარეშე მიიღონ,“ - აცხადებს სიმსონი.

მისი ცნობით, „გასულ წელს გაზისა და წყალბადის დირექტივაში ამ დამატებას ყველა მინისტრმა დაუჭირა მხარი.“

კადრი სიმსონმა, ასევე, გაიხსენა, რომ ევროკომისიის RePowerEU გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები ვალდებული არიან, „რუსულ გაზზე 2027 წლისთვის სრულად თქვან უარი.“

ცნობისთვის: Eurostat-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირმა რუსეთიდან 16,7 მლრდ ევროს აირისებრი ნახშირწყალბადები, მათ შორის, მილსადენისა და თხევადი გაზი შეიტანა, რაც 2022 წელზე 2,9-ჯერ ნაკლებია. იმის მიუხედავად, რომ რუსული მილსადენის გაზისა და LNG-ის მიწოდებაზე შეზღუდვები არ მოქმედებს, 2023 წლის შედეგებით ევროკავშირის გაზის იმპორტში რუსული ბუნებრივი აირის წილმა მხოლოდ 8% შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელს 40%-ზე მეტს შეადგენდა. რუსულ LNG-თან ერთად 2023 წელს ევროკავშირში ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 15%-ს არ ასცდენია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ