“ეს ადგილი პირდაპირ შექმნილია ბიზნესცენტრისთვის“ - ტერიტორია თბილისში, სადაც მაღალი შენობები დასაშვებია

„ვერცერთი ეკონომიკური განვითარების პრეტენზიის მქონე მსხვილი ქალაქი, მით უფრო, დედაქალაქი, ვერ ასცდება მაღლივი შენობების შემოტევას. მაგრამ, ამას გონივრულად წყვეტენ დასავლეთში“, - ამის შესახებ არქიტექტორ-ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში ერთადერთი ადგილი, სადაც ბიზნეს ცენტრის და მაღალსართულიანი ობიექტების მშენებლობა შესაძლებელია, დიდუბის ტერიტორიაა.

როგორც არქიტექტორ-ურბანისტი ამბობს, სხვა მხრივ, თბილისში კორპუსების ინტენსიური მშენებლობა ყოვლად გაუმართლებელია და გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ამახინჯებს ქალაქის იერს, დატვირთვა მოდის ინფრასტრუქტურაზე და ავტომობილიზაციის ეპოქაში, გაუვალი გზების წინაპირობაა.

„ვერცერთ ეკონომიკური განვითარების პრეტენზიის მქონე მსხვილი ქალაქი, მით უფრო, დედაქალაქი, ვერ ასცდება მაღლივი შენობების შემოტევას. მაგრამ, ამას გონივრულად წყვეტენ დასავლეთში. აჯგუფებენ ამ მაღლივ შენობებს (აქ ძირითადად არის ოფისები, საცხოვრებლები ნაკლებად) და თავს უყრიან ერთ კლასტერში, ამას „მანჰენტენიზაციაც“ შეიძლება ეწოდოს. ანუ, ადგილი, სადაც ბიზნეს საქმიანობებია განვითარებული. ამ შემთხვევაში, ეს არის თბილისის გამოსავალიც, საცხოვრებელს არ ვგულისხმობ.

ბოლო ხანს, რაც ვაკეში ხდება, ეს არის პირდაპირ გეტყვით, მიუღებელი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, წყალსადენ კანალიზაციაზე, ან ელექტროქსელებზე დატვირთვა, ამას როგორღაც ეშველება, მაგრამ ავტომობილიზაციას რა ვუყოთ? თქვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია მოძრაობა, შეუძლებელია უკვე. ჩვენ, ურბანისტების ნაწილს გვაქვს ეს მოსაზრება, რომ თბილისში არის ერთადერთი გამოსავალი, შეიქმნას ე.წ CBD. ეს უნდა მოეწყოს, მეტრო დიდუბის მიდამოებში, სადაც ახლა ბაზარია, მოედანია, ავტოსადგურია. ეს ადგილი პირდაპირ შექმნილია ბიზნესცენტრისთვის, იმიტომ, რომ მეტრო იქ არის, სატრანსპორტო მისასვლელი კარგია, რაც მთავარია, რელიეფის დონეების თამაშია, როგორც იცით, მეტრო ზემოთ გადის, ანუ აქ შესაძლებელია მრავალსართულიანი კონსტრუქცია მოეწყოს და განვითარდეს ეს ცენტრი. და, კიდევ ერთი მომენტი, თუ ბოლო-ბოლო გადაწყდება და თბილისის შემოვლითი რკინიგზა მოეწყობა, მაშინ შეიძლება, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზეც განვითარდეს ბიზნესცენტრი, ამ პროექტის მიბმით და საცხოვრებელიც იყოს, ბულვარიც, რაც ჩვენ გვაკლია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხედვა უნდა იყოს განვითარებული“,- ამბობს ლადო ვარდოსანიძე.

ნინი ქეთელაური