სუეცის არხი უალტერნატივოა - არხის ადმინისტრაცია

წითელ ზღვაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სუეცის არხის იდეალური ალტერნატივა არ არსებობს და აფრიკის კონტინენტის გვერდის ავლით საქონლის ტრანსპორტირება კომპანიებს ცხრაჯერ ძვირი უჯდება. ამის შესახებ სუეცის არხის ეგვიპტური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოსამა რაბიამ განაცხადა, რასაც უწყების პრესსამსახური ოფიციალურ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, უალტერნატივობის გამო საერთაშორისო გადამზიდავები უკვე მზად არიან, არხის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა განაახლონ, როგორც კი რეგიონში კრიზისი მოგვარდება.

ოსამა რაბია ხაზგასმით ამბობს, რომ აფრიკის კონტინენტის გარშემო მარშრუტს სუეცის არხის მარშრუტზე გაცილებით დიდი დრო სჭირდება. მითუმეტეს, ამ მარშრუტზე არსებული პორტები ლოგისტიკური თვალსაზრისით „ამდენი სავაჭრო გემის დასატევად აღჭურვილი არ არის.“

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით კრიზისის დაწყებიდან ერთი სატვირთო კონტეინერის ტრანსპორტირების ღირებულება, რაბიას მონაცემებით, მინიმუმ, ცხრაჯერ, კერძოდ, 750-დან 6,800 დოლარამდე, ხოლო საწვავის და გემების დაზღვევის ხარჯი, თითქმის, 10-ჯერ გაიზარდა.

„თავის მხრივ, სუეცის არხის სამმართველო აგრძელებს ძალისხმევას, რომ თავის მომხმარებლებს კრიზისის დროს დაეხმაროს. კერძოდ, სამმართველო მზად არის, გემების შეკეთებისა და საწვავის შევსების მიზნით მათ მოემსახუროს. ასევე, ეკიპაჟებს საკვებითა და მტკნარი წყლით დაეხმაროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაც გაუწიოს,“ - აცხადებს ოსამა რაბია.

საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, წითელ ზღვაზე გამავალი გემებისთვის ყველა საჭირო სარემონტო მომსახურებაზე მზადყოფნა სუეცის არხის ადმინისტრაციამ 22 იანვრიდან გამოთქვა.

ცნობისთვის: 19 თებერვალს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ წითელ ზღვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სუეცის არხის შემოსავლიანობა, მინიმუმ, 40-50%-ით შემცირდა. მსგავსი შეფასება 16 იანვარს ოსამა რაბიამაც გააკეთა. მისი მონაცემებით, იანვრის პირველ ნახევარში არხის შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით, მასზე გამავალი გემების რაოდენობა 30%-ით, ხოლო მათი ტონაჟი 41%-ით შემცირდა.

სუეცის არხის ექსპლუატაციიდან ეგვიპტის შემოსავალმა 2023 წელს 10 მლრდ დოლარს გადააჭარბა. არხი ქვეყნის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი, ხოლო დოლარით ხაზინის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ