მთავრობამ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ 6 სამედიცინო დაწესებულება 1 ლარად გადასცა

მთავრობის განკარგულებით, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს 2020-2021 წლებში პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით 1 ლარად გადაეცა 6 სამედიცინო დაწესებულება.

ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის ბრძანების საფუძველზე, ჰოლდინგმა, როგორც მართვის უფლების მიმღებმა, უსასყიდლოდ არსებობის ვადით, მართვის უფლებით მიიღო კიდევ ორი საავადმყოფოს 100%-იანი წილი.

„ასევე: 2021 წელს სამინისტროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მართვის უფლებით პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 100%“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ცნობისთვის, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” სახელმწიფო კლინიკების მმართველი ჯგუფია.

მერი ტაბატაძე