აშშ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორი ქალი მარისა მეიერი გახდა

კომპანია Equilar-მა, სააგენტო ”ასოშიეითიდ პრესთან” ერთად, ამერიკული კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის ლიდერი Yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი გახდა, რომლის ანაზღაურება მიმდინარე წელს 69%-ით გაიზარდა და 42,1 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე პოზიცია ერგო კომპანია TJX-ის ხელმძთვანელს კეროლ მეიროვიცს, რომლის წლიური ანაზღაურება 23,3 მილიონი დოლარია, მესამე ადგილზე კიHP-ის აღმასრულებელი დირექტორი მარგარეტ უიტმენი გავიდა - 19,6 მილიონი დოლარით.

რეიტინგის ხუთეულში ასევე მოხვდნენ ”პეპსი კო”-ს აღმასრულებელი დირექტორი ინდრა ნუი, რომლის წლიური ანაზღაურება წელს 45%-ით 19,1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ”ჯენერალ დინამიკსის” აღმასრულებელი დირექტორი ფიბი ნოვაკოვიჩი - 19 მილიონი დოლარით.

Equilar-მა და ”ასოშიეითიდ პრესმა” კვლევა 340 წამყვან ამერიკულ კომპანიაში ჩაატარეს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 17 მათგანს ჰყავს ქალი აღმასრულებელი დირექტორი. კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ამერიკულ კომპანიებში გენდერული უთანასწორობაა.

გასულ კვირას ჟურნალმა” ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია.