ევროპაში ზეითუნის ზეთი 50%-ით გაძვირდა - რა ფასად და სად ყიდულობს საქართველო პროდუქტს

2024 წლის იანვარში ევროპაში ზეითუნის ზეთი 50%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ფასებმა ზრდა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, მაშინ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროდუქტი უკვე 37%-ით იყო გაძვირებული.

ფასების ყველაზე მაღალი ზრდა წლიურ ჭრილში დაფიქსირდა პორტუგალიაში - 69%, მას მოსდევს საბერძნეთი - 67% და ესპანეთი - 63%. იანვარში ფასების ზრდის მხრივ მეოთხე ადგილზეა ესტონეთი - 52%.

ზეითუნის ზეთის ფასების ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა რუმინეთში (13%), ირლანდიაში (16%) და ნიდერლანდებში (18%).

რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველომ უცხოეთში ერთი ლიტრი ზეითუნის ზეთი საშუალოდ 6 დოლარად იყიდა, 2023 წლის იანვარში კი 6,2 დოლარად. უფრო კონკრეტულად, წელს იანვარში განხორციელდა 118,5 ათასი დოლარის ღირებულების 20 ტონა ზეთის იმპორტი, წინა წლის იანვარში კი 120,4 ათასი დოლარის ღირებულების 19,2 ტონის.

აღსანიშნავია, რომ წელს იანვარში საქართველომ ზეითუნის ზეთი ძირითადად 3 ქვეყანაში იყიდა:

  • იტალია - 73,1 ათასი დოლარის ღირებულების 11,28 ტონა (საშუალო ფასი ლიტრზე 6,5 დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 28,4 ათასი დოლარის ღირებულების 6,7 ტონა (საშუალო ფასი ლიტრზე 4,2 დოლარი)
  • საფრანგეთი - 11,6 ათასი დოლარის ღირებულების 1,58 ტონა (საშუალო ფასი ლიტრზე 7,3 დოლარი)

ამასთან, წელს საქართველოს ზეითუნის ზეთი მცირე რაოდენობით შეიძინა ესპანეთში (4,74 ათასი დოლარი), პოლონეთსა (0,46 ათასი დოლარი) და ირანში (0,130 ათასი დოლარი).