საჩივრების ქარცეცხლში გახვეული მულტიმილიარდერი - ვინ უჩივის და ვის უჩივის ილონ მასკი, რომელსაც გადაუხდელ ხელფასებზე ედავებიან

ილონ მასკს Twitter-ის ყოფილი ლიდერი უჩივის, რომელიც ამბობს, რომ პლატფორმის ამჟამინდელმა მფლობელმა, მას თავისი კუთვნილი 128 მილიონ დოლარზე მეტი არ გადაუხადა.

X-ის, იგივე Twitter-ის ოთხმა ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი, პარაგ აგრავალი გახლდათ, განაცხადეს, რომ ილონ მასკმა ისინი სამსახურიდან პლატფორმის ყიდვისთანავე გაათავისუფლა, რათა თავიდან აეცილებინა მათთვის ხელფასის გადახდა.

BBC-ის ინფორმაციით, პარაგ აგრავალმა სარჩელი ყოფილ ფინანსურ ოფიცერ ნედ სეგალთან შეიტანა. სარჩელში მომჩივანი მხარე ამტკიცებს, რომ რამდენიმე წლის წინანდელი გათავისუფლების გეგმის მიხედვით, კომპანიას ევალება, რომ მათ გადაუხადოს ერთი წლის ხელფასი და წილი აქციებიდან. ეს თანხა ჯამურად 128 მილიონ დოლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა Twitter-ი 2022 წელს, 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც სრულიად შეცვალა როგორც პლატფორმის სახელი და ბრენდინგი, ისე კომპანიაში დასაქმებული კადრების უმეტესობა.

ოთხი აღმასრულებელი დირექტორის გათავისუფლების არგუმენტად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ასახელებს იმას, რომ ისინი უხეში დაუდევრობით გამოირჩეოდნენ და განზარახ ეწეოდნენ კომპანიისთვის დამაზიანებელ საქმიანობას. მოყვანილი მაგალითები მოიცავდა იმ ფაქტსაც, რომ გათავისუფლებული პირები ყოველ მიზეზ-გარეშე, ძალიან დიდი რაოდენობით ბონუსებს გასცემდნენ თავიანთი თავებისა და სხვა თანამშრომლებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ილონ მასკს, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორების გარდა, პლატფორმის ადამიანური რესურსების ყოფილი ოფიცერიც უჩივის, რომელიც ამბობს, რომ Twitter-ის ახალმა მფლობელმა გათავისუფლებულ თანამშრომლებს არ გადაუხადა კუთვნილი ხელფასები 500 მილიონი დოლარის ოდენობით.

კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული მულტიმილიარდერი, რომლის წინააღმდეგაც არაერთ ადამიანს აქვს სარჩელი შეტანილი სხვადასხვა ფინანსურ, თუ სამართლებრივ ინსტიტუტში, თავად OpenAI-ს, ChatGPT-ის შემქმნელებს უჩივის და ამტკიცებს, რომ ისინი იმ პრინციპებს არღევენ, რომლებზეც თავად ილონ მასკი დათანხმდა, როდესაც მის აღმოჩენაში თავად დაეხმარა ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტის შემქმნელ კომპანიას.

სარჩელი ასევე შეტანილია OpenAI-ის ბოსის, სემ ალტმანის წინააღმდეგ. სარჩელში ვკითხულობთ, რომ კომპანია ორიენტირებულია არა კაცობრიობის სარგებლისთვის, არამედ მაქსიმალურად დიდ მოგებაზე გასვლისთვის.

„ეს საქმე იმისთვისაა აღძრული, რომ აიძულოს OpenAI, დაუბრუნდეს თავის მისიას, განავითაროს ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, იგივე AGI, რომელიც კაცობრიობის კეთილდღეობისთვის იარსებებს და არა ცალკეული პირებისა და მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიიისთვის“, - ვკითხულობთ სარჩელში.

ბაჩანა ტყემალაძე