ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას - 2 თვეა გეხვეწებით, პროდუქტებზე გაზრდილ ფასზე იმსჯელოთ, იმუშაოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა პროდუქტზე გაზრდილი ფასი ხელისუფლებას არ ადარდებს. როგორც მან პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელოს და იმუშაოს.

„საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი დღის განმავლობაში არ ხვდებოდეს მაღაზიაში, ბაზარში და ყოველდღიურად არ ეხებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ეხება ფასების ზრდას. ვგულისხმობ პროდუქტებზე კატასტროფულ ფასებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად, ვერ ერევა. მოგიტანეთ „ჩეკი“ აზერბაიჯანიდან, სადაც მაგალითად, 500 გრ პური ღირს 80 თეთრი, საქართველოში 1.60 თეთრი. მაგალითად, რძე ჩვენს სამეზობლოში ღირს 3. 20 ლარი, საქართველოში 5 ლარი და 50 თეთრი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, 2,5-ჯერ უფრო ძვირის გადახდა უწევთ ადამიანებს პროდუქტების შეძენაში.

„2 თვეა გეხვეწებით, გთხოვთ, რომ ამ საკითხებზე იმსჯელოთ, იმუშაოთ. ეს არის ის საკითხები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ. ამის გარდა აბსოლუტურად ყველაფერზე საუბრობთ. არადა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მოგისმენთ თქვენ და მოისმენს თქვენს დასმულ პრობლემებს, რა მნიშვნელობა აქვს რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება. თქვენს მიერ დასაქმებული ადამიანებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.