„ლიფტები 3 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს - ვითხოვთ, ინსპექტირებული ლიფტები სპეციალური სტიკერებით მოინიშნოს“

თბილისის საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების პრობლემა წლიდან წლამდე აქტუალობას არ კარგავს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ძველ კორპუსებში, სადაც ლიფტებს ექსპლუატაციის ვადები გასული აქვს, მათი განახლება კი ეტაპობრივად ხდება, ამასობაში კი არაერთი ტრაგედია ხდება. უკანასკნელი ასეთი ტრაგედია ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც ლიფტის გაუმართაობამ ცოლ-ქმარი იმსხვერპლა.

რა შეიცვალა ამ მიმართულებით, გაიზარდა თუ არა მიმართვიანობა ლიფტების ინსპექტირებაზე და რა მდგომარეობაა ახალ კორპუსებში - ამ თემებზე „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება და მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობამ იმატა.

„გამგეობებიც აქტიურობენ და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ლიფტების ტექინსპექტირება გაიარონ, რომელიც სავალდებულოა, რომ 3 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, მაგრამ პერიოდული ინსპექტირება არის მინიმალური სავალდებულო ღონისძიება და ის არ ნიშნავს, რომ 3 წლის მანძილზე ინსპექტირებებს შორის არაფერი არ ხდება. შესაბამისად, არის ბაზარზე კარგი და ხარისხიანი კომპანიები და საუკეთესო გამოსავალია, როდესაც ამ კომპანიების მიერ არის ჩაბარებული ლიფტის უსაფრთხოება,“ - აცხადებს სანდრო შელია.

მისივე თქმით, ასეთი კომპანიები სულ რამდენიმეა ბაზარზე და მათ ხარისხზე აკრედიტაციის ცენტრია პასუხისმგებელი.

როგორც ის აცხადებს, გაცილებით კარგი მდგომარეობაა ახალ კორპუსებში, რადგან ტექნიკურად გაუმართავი ლიფტით კორპუსის ჩაბარება ფიზიკურად არ ხდება და ის ოპერირებას ვერ დაიწყებს.

„ახალ კორპუსებში საქმე გაცილებით უკეთაა. იმისთვის, რომ შენობა ჩაბარდეს, ლიფტის ტექნიკურად გაუმართაობა გამორიცხულია. შედარებით რთულია მდგომარეობა ისეთ კორპუსებში, რომელიც არ არის ჩაბარებული, თუმცა, ჩაუბარებელი კორპუსი არ ნიშნავს იმას, რომ ლიფტი არ არის ინსპექტირებული. შეიძლება ის დააინსპექტირო, მაგრამ სხვა ხარვეზის გამო ვერ ჩაბარდეს კორპუსი. ამ დროს სიტუაცია ცოტა გაურკვეველია,“ - განაცხადა მან.

სანდრო შელია ახალ ინიციატივაზეც საუბრობს:

„დიდი ხანია გვაქვს ინიციატივა, რომ სავალდებულო გახდეს ინსპექტირების სტიკერის ფორმა ყველა ლიფტში, რომელიც არის შემოწმებული და ამაზე უნდა მოხდეს საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში. თუ ეს სტიკერი არ იქნება, ხალხს ეცოდინება, რომ ლიფტი ინსპექტირებული არ არის და გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო“.

ლიფტების ინსპექტირების საკითხში შელია სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საჭიროა კონკრეტული მითითებები მათი მხრიდან.

„მათი მხრიდანაც უნდა იყოს კონკრეტული მითითება და ვალდებულება, ლიფტის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. მაგალითად, სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ ლიფტს უნდა მოემსახუროს მხოლოდ სერტიფიცირებული ან აღიარებული კომპანია. წლების მანძილზე, რაც ჩვენი კომპანია არსებობს და რაც მაქვს მერიასთან შეხება, სულ ვახსენებ ამ საკითხს, მაგრამ სამწუხაროდ ამ მიმართულებით არანაირი სიახლე არ გვაქვს,“ - აცხადებს "სი ეი ინთერნეიშენალის" დირექტორი.

ეკა დარჩიაშვილი