„უამრავი თანხა გადის უცხოეთში - წელიწადში 300-დან 500 მლნ დოლარამდე იხარჯება სამკურნალოდ“

„საქართველოდან უამრავი თანხა გადის უცხოეთში, თურქეთი გახდა, პრაქტიკულად, გადარჩენის ადგილი“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აცხადებს.

წერეთლის თქმით, სახელმწიფოს ნაცვლად მოქალაქეების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისა, ჯანდაცვის მიმართულებით შესაძლებლობები უნდა განევითარებინა და ხარისხი გაეუმჯობესებინა.

„საქართველოდან უამრავი თანხა გადის უცხოეთში, თურქეთი გახდა, პრაქტიკულად, თავშესაფარი, გადარჩენის ადგილი, მაგრამ რატომ არ უნდა ეზრუნა მინისტრს ან ხელისუფლებას იმაზე, რომ აქ განვითარებულიყო ის სიმძლავრეები, რისი გულისთვისაც მიდიან ჩვენი თანამოქალაქეები ზოგი თურქეთში, ზოგი ისრაელში დიაგნოზის, რეაბილიტაციისა და ოპერაციის გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ხარისხი არ არის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების სამკურნალოდ უცხოეთში წელიწადში 300 მილიონი დოლარიდან 500 მილიონამდე დოლარი გადის.

„არ მომწონს, რომ ყველაფრის „აუთსორსი“ კეთდება უცხოეთზე, მაშინ დავხუროთ კლინიკები, მთელი ჯანდაცვის ფული გადავანაწილოთ თურქეთზე, ისრაელზე, გერმანიაზე და ხალხიც დაწყნარდება, აღარც ექიმების პრობლემა იქნება, მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება? საქართველოდან გადის უამრავი ფული, მე როგორც ვიცი, 300-დან 500 მილიონამდე დოლარი წელიწადში, მოქალაქეები ამას უმეტესად ჯიბიდან იხდიან, ნაწილს სახელმწიფოც აძლევს“, - ამბობს წერეთელი.

მერი ტაბატაძე