ლონდონის აუქციონზე ”შატო მუტონ როტშილდის” ერთი ბოთლი 18 ათას დოლარად გაიყიდა

ლონდონში აუქციონზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და იშვიათი ღვინის ”შატო მუტონ როტშილდის” ერთი ბოთლი 18 ათას დოლარად გაიყიდა.

”ბლუმბერგის” ინფორმაციით,1945 წლით დათარიღებული ”შატო მუტონ როტშილდი” კერძო კოლექციონერმა შეიძინა. თუმცა, სააგენტოს ცნობით, 70 წლის დაძველების ფრანგული ღვინო დაბალ ფასად გაიყიდა, რადგან უცნობია, ვარგისია თუ არა ის დასალევად.

ღვინის ექსპერტის რიჩარდ ჰარვის განცხადებით, აუქციონზე გაყიდული ღვინო სავარაუდოდ, დაძმარებული უნდა იყოს, რადგან ბოთლი პირამდე სავსე არ იყო და საცობამდე ადგილი იყო დარჩენილი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ”შატო მუტონ როტშილდის” გაყიდული ბოთლი მაინც უნიკალურია თავისი ისტორიული მნიშვნელობით. ”ბლუმბერგის” ცნობით, ბოთლზე დატანილია V (Victory) ნიშანი, რაც მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების ნაცისტებზე გამარჯვებაზე მიუთითებს.