სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. აღნიშნულს “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის ავტორებიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
პროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს/სახელმწიფო მინისტრს, მათ პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარეს და მათ მოადგილეებს.
კანონში დაგეგმილი ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტი განისაზღვრა პრეზიდენტისა და პრემიერის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ეს კი ნიშნავს რომ 2024 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, მათი წლიური ანაზღაურება 159 600 ლარამდე გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საბაზო თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 330 ლარს. ეს უნდა გავამრავლოთ შესაბამის კოეფიციენტზე, რაც პრეზიდენტის და პრემიერის შემთხვევაში არის 10 და მიღებული 13 300 ლარი იქნება მათი თვიური ანაზღაურება. ეს კი წლის განმავლობაში 159 600 ლარი გამოდის. აღნიშნულ თანხას თუ გამოვაკლებთ 20%-იან საშემოსავლოს მივიღებთ, რომ პრეზიდენტის და პრემიერის დარიცხული წლიური ხელფასი (ე.წ. ხელზე ასაღები წლიური ანაზღაურება) იქნება 127 680 ლარი.
შედარება რომ გავაკეთოთ, ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, პრეზიდენტის 2023 წლის დარიცხული ხელფასი 84 220 ლარი იყო, პრემიერის 2022 წლის კი 41 004 ლარი.
რაც შეეხება მინისტრებს/სახელმწიფო მინისტრს მათ შემთხვევაში კოეფიციენტი 8.5-ს შეადგენს, შესაბამისად მინისტრებს წლიური დარიცხული (20%-იანი საშემოსავლოს გამოკლებით) ხელფასი 108 528 ლარი ექნებათ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება ასევე ეხებათ: მინისტრების პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარესა და მათ მოადგილეებს.
კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პირველი მოადგილის შემთხვევაში, წლიური ანაზღაურება იქნება 119 700 ლარი; მოადგილეების - 115 710 ლარი; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის - 135 660 ლარი; მათი მოადგილეების კი - 103 740 ლარი. (შეგახსენებთ, რომ ამ თანხას საშემოსავლო 20%-იანი გადასახადი არ აქვს გამოკლებული).
ცნობისთვის, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება. შესაბამისად, თუ 2025 წელს მთავრობა საბაზო თანამდებობრივ სარგოს უფრო გაზრდის, ვიდრე 2024 წელს 1 330 ლარია, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურებაც უფრო მეტი იქნება.