თბილისში 3,068 ბინა გაიყიდა - რომელ რაიონებში ყიდულობენ ბინას

Galt&Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარში თბილისში 3,068 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.3%-იანი ზრდაა.

ანგარიში თანახმად, ზრდა გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+21.2% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 5.8%-ით შემცირდა.

„მეორად ბაზარზე გაყიდვების პერიოდული კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 47.3%) დაფიქსირდა დიდი დიღმის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში.

„ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება ფასს, იანვარში ბინის ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. პირველადი ბაზრის საშუალო შეწონილმა ფასმა 1,266 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიურად 0.5%- იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ყველა უბანში ბინის ფასები კვლავ ორნიშნა წლიური ტემპით გაიზარდა.

მერი ტაბატაძე