რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია საქართველოდან ღვინისა და ცქრიალა ღვინის იმპორტზე საშეღავათო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა.
ასოციაცია, ასევე, NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე 200%-იანი გადასახადის დაწესებას ითხოვს.
ამჟამად ქართული ღვინოები რუსულ ბაზარზე პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მათზე გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. ამასთან, რუსი ექსპერტების შეფასებით, ქართული ღვინის უპირატესობა „იოლი ლოგისტიკა და მარტივი ფინანსური გადახდებია.“ კერძოდ, „ლოიალური საბანკო პოლიტიკის შედეგად საქართველოში გადახდებს სულ ერთი დღე სჭირდება, მაშინ, როცა არგენტინაში, ჩილეში ან სამხრეთ აფრიკაში ამას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.“
რუსეთი, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს და 2024-ის იანვარშიც ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო. იანვარში მისი წილი 74,2%-ს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 70,8%-ს შეადგენდა. წელს რუსეთმა 13,326 მლნ დოლარის ღირებულების 5,066 ტონა, შარშან იანვარში კი 11,235 მლნ დოლარის 3,989 ტონა ქართული ღვინო შეისყიდა.
თავის მხრივ, ფედერალური საბაჟო სამსახურის გასული წლის 10 თვის მონაცემებით, რუსეთში ყველა სახის ღვინის მთლიან იმპორტში საქართველო იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა და მისი წილი 17%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება NATO-ს წევრი სახელმწიფოებიდან იმპორტირებულ ღვინოს, რუსეთის მთავრობამ დასავლეთის სანქციების საპასუხოდ ევროკავშირიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და სხვა „არამეგობრული“ ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე დაწესებული გადასახადი ერთხელ უკვე გაზარდა. კერძოდ, გასული წლის 1-ელ აგვისტოდან საიმპორტო ბაჟი 12,5%-დან 20%-მდე გაიზარდა, ხოლო ლიტრზე არანაკლებ 1,5 დოლარის ოდენობით დადგინდა. მეტიც, „არამეგობრული“ ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე გაზრდილ გადასახადს 2023 წლის ბოლომდე უნდა ემოქმედა, თუმცა ის 2024 წელსაც გაგრძელდა.
კომპანია Simple Group-ში აცხადებენ, რომ იმპორტირებულ ღვინოზე საბაჟო გადასახადის გაზრდის გამო 2025 წლის დასაწყისისთვის რუსეთის დახლებიდან 700 რუბლამდე (8 დოლარამდე) ღირებულების იმპორტირებული იაფი ღვინო გაქრება. ექსპერტების შეფასებით, საიმპორტო გადასახადის გაზრდით ყველაზე მეტად ქართული ღვინის მსხვილი საწარმოები ისარგებლებენ, ხოლო დაბალი ფასის სეგმენტის იტალიურმა, ესპანურმა და ფრანგულმა ღვინოებმა შესაძლოა, რუსული ბაზარი დატოვონ.
ამის მიუხედავად, რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია დასავლური ღვინის იმპორტზე ამჯერად გადასახადის 200%-მდე გაზრდას მოითხოვს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად,“ - აცხადებს ალექსეი პლოტნიკოვი.
ასოციაცია, ასევე, მოითხოვს 1-ელ სექტემბრიდან მაღაზიებში რუსულ ღვინოზე 20%-იანი კვოტის დაწესებას 50%-მდე შემდგომი გაზრდით. ღვინის სიაში ადგილობრივი პროდუქტების, მინიმუმ, 50%-იანი კვოტა უნდა განისაზღვროს კაფეებისთვისაც და ჩამონათვალში ისინი სიის სათავეში უნდა იყოს მითითებული.
ღვინის რუსულ სკოლა LenWine-ის კვლევაში წერია, რომ რუსები ადგილობრივი წარმოების ღვინის (55%) შემდეგ ყველაზე ხშირად ქართულ ღვინოს (22%) მოიხმარენ, ხოლო მესამე პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთია (17%). ღვინის მოხმარებაში აფხაზეთის ჩათვლით საქართველოს მთლიანი მაჩვენებელი 39%-ია, რაც იტალიისა და საფრანგეთის ერთობლივ მაჩვენებელზე, ანუ 23%-ზე გაცილებით მეტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ