„ჩვენ გვსურს მეტი ხალხის დეპორტაცია, მაგრამ არ შეგვიძლია“ - გერმანიამ შესაძლოა, წლიურად მხოლოდ 60 ათასი ლტოლვილი მიიღოს

2030 წლისთვის გერმანიაში ლტოლვილების მიღების წლიური კვოტის ზედა ზღვარი შესაძლოა, 60 ათასი ადამიანი იყოს. ამ ინიციატივით გერმანიის ფედერალურ მიწა საქსონიის პრემიერ-მინისტრი, მიხაელ კრეჩმერი გამოდის, რაც მან გაზეთ Bild-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„50 ან 60 ათასი ლტოლვილი წელიწადში - ამაზე მეტი რაოდენობა მომდევნო რამდენიმე წელიწადში არ უნდა დავუშვათ, რადგან ინტეგრირებაზე მეტად დიდ ძალისხმევას ისედაც არ ვიშურებთ,” - აცხადებს კრეჩმერი.

მისი თქმით, ეს ზღვარი 2030 წლისთვის უნდა დადგინდეს, რადგან მიგრანტების მისაღებად საჭირო შესაძლებლობები გერმანიას ეწურება.

ამასთან, დეპორტაციის პოლიტიკაში მიხაელ კრეჩმერი მეტი თანმიმდევრულობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, ფედერალურმა მთავრობამ შეუწყვიტოს დახმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც თავშესაფრის დაბლოკილ მაძიებლებს უკან არ იღებენ.

„ჩვენ გვსურს მეტი ხალხის დეპორტაცია, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან წარმოშობის ქვეყნები ლტოლვილებს უკან არ იღებენ. ამდენად, არ შეიძლება, ვიხდიდეთ უზარმაზარი ოდენობის დახმარებას მათი განვითარებისთვის, მაშინ, როცა ეს სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეებს უკან არ იბრუნებენ, “ - აცხადებს კრეჩმერი.

მიმდინარე კვირას ჟურნალ Stern-მა გაავრცელა Bertelsmann Foundation-ის უახლესი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში ლტოლვილების მიღების მიმართ სკეპტიციზმი გაიზარდა. მოქალაქეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ლიმიტი მიღწეულია და იმიგრაციის უარყოფითი შედეგები აწუხებს. კერძოდ, თუ 2021 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 36% თვლიდა, რომ გერმანიამ ლტოლვილები აღარ უნდა მიიღოს, დღეს ამ მოსაზრებას მოქალაქეთა 60% იზიარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ