რუსეთში, რომელიც ქართული ღვინის და შამპანურის მთავარი საექსპორტო ბაზარია, ქართულ სასმელზე შეღავათების გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა.
როგორც რუსული მედია წერს, ამჟამად ქართული ღვინოები რუსულ ბაზარზე პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მათზე გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. ამასთან, რუსი ექსპერტების შეფასებით, ქართული ღვინის უპირატესობა „იოლი ლოგისტიკა და მარტივი ფინანსური გადახდებია.“ კერძოდ, „ლოიალური საბანკო პოლიტიკის შედეგად საქართველოში გადახდებს სულ ერთი დღე სჭირდება, მაშინ, როცა არგენტინაში, ჩილეში ან სამხრეთ აფრიკაში ამას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.“
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი სწორედ რუსეთია. 2023 წელს ქსპორტირებული ღვინის 65.2% რუსეთზე მოდიოდა.
საქართველომ გასულ წელს, ადგილობრივი წარმოების ღვინის ექსპორტით 257.710 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ექსპორტირებული ღვინიდან 168.125 მლნ დოლარის რუსეთში გავიდა.
რაც შეეხება ცქრიალა ღვინოს, 2023 წელს უცხოეთში სულ 4.749 მლნ დოლარის ღირებულების შამპანური გაიყიდა, აქედან 2.396 მლნ დოლარის რუსეთში, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 50.4%-ია.
რაც შეეხება 2024 წელს, იანვარში რუსეთში ექსპორტზე გავიდა 13.326 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო, მთლიანმა ექსპორტმა კი 17.951 მლნ დოლარი შეადგინა, შესაბამისად, ექსპორტირებული ღვინის 74,2% სწორედ რუსეთზე მოდის. ამასთან, წელს საქართველომ ერთ თვეში 124.2 ათასი დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინო გაყიდა, აქედან 54.18 ათასი დოლარის რუსეთში გავიდა, ანუ ექსპორტის 43,5%.