მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს შესყიდვა გააორმაგეს

იანვარში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროსა და სავალუტო რეზერვებისთვის, მთლიანობაში, 39 ტონა ოქრო შეიძინეს. ამის შესახებ მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council-WGC) წინასწარ შეფასებაში წერია.

ეს ორჯერ აღემატება დეკემბრის დაზუსტებულ მოცულობას, რამაც 16,9 ტონა ოქრო შეადგინა.

WGC-ის მონაცემებით, მსოფლიო ბანკების მიერ ოქროს შესყიდვების ზრდით იანვარი ზედიზედ მერვე თვეა.

ყველაზე დიდი შემსყიდველი კვლავ თურქეთია, რომელმაც იანვარში 11,8 ტონა ოქრო იყიდა. შემდეგ 10 ტონა შესყიდული ოქროთი ჩინეთის ცენტრალური ბანკი მოდის. თავისი მარაგისთვის ინდოეთმა 8,7 ტონა, ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა 6,2 ტონა, იორდანიამ 3,1 ტონა, ჩეხეთმა კი 1,7 ტონა ოქრო შეიძინა.

WGC-ის მიხედვით, მნიშვნელოვანი გაყიდვებით მხოლოდ რუსეთის ცენტრალური ბანკი გამოირჩევა, რომელმაც 3,1 ტონა ოქრო გაყიდა. ეს იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც 2021 წლიდან დაიწყო. რუსეთის ოქროს მარაგი, ბოლო შევსების შემდეგ, დაახლოებით, 3 ტონით არის შემცირებული, რაც ქვეყანაში მონეტების მოჭრის პროგრამას უკავშირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ