„აზარაშვილის განცხადება აზიანებს ნებისმიერ სასიკეთო წამოწყებას, მათ შორის ონკოპაციენტებთან მიმართებაში“

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადება ონკომედიკამენტებთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტების გარეშე იყო წარმოდგენილი - როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების ექსპერტი აკაკი ზოიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ყოფილი მინისტრის უარგუმენტო განცხადება ჯანდაცვის სექტორში ნებისმიერ სასიკეთო წამოწყებას აზიანებს. ზოიძის შეფასებით, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რაზე საუბრობს ყოფილი მინისტრი.

შეგახსენებთ, აზარაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში შემოდის საეჭვო ქვეყნებიდან საეჭვო წარმომავლობის ონკომედიკამენტები. ზოიძე ამბობს, რომ უნდა გაირკვე რა იგულისხმება ამაში, თუ საუბარია ფალსიფიცირებულ მედიკამენტებზე, ეს სამართლებრივთან ერთად, ყოველგვარ მორალურ ჩარჩოსაც სცდება.

„ნებისმიერი თემა, რომელიც ეხება იმას, რომ ფუჭ იმედს ვაძლევთ ადამიანს და წამალი არ არის გაკონტროლებული შესაბამისად, კრიმინალურის გარდა, მორალურ ზღვარსაც სცილდება. ასევე დასამტკიცებელია, იყო თუ არა ეს მასობრივი ხასიათის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები, რომ პროკურატურაში საქმე აღიძრა და მილიონობით ლარის თანხის მედიკამენტები შემოდის ქვეყანაში, რომელიც არ არის რეგისტრირებული, ნიშნავს,რომ პოტენციურად მისი ხარისხი ან სანდოობა ეჭვის ქვეშ არის“, - აღნიშნა ზოიძემ.

ასევე, ონკომედიკამენტები დიდ ფინანსურ მხარესთან არის დაკავშირებული. აზარაშვილმა განაცხადა, რომ „60 ონკოლოგია ჩართული სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა“ შედიოდა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოპაციენტებს გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტებს უწერდნენ და იყენებდნენ. ზოიძის თქმით, ონკოპაციენტები უკანასკნელ იმედს ებღაუჭებიან, ოჯახების უმრავლესობისთვის ამ მედიკამენტების შეძენა „დიდ ფინანსურ კატასტროფასთან“ არის დაკავშირებული და დანაშაულია, როცა სათანადო წამალს ვერ იღებენ.

„ეს [აზარაშვილის] განცხადება აზიანებს ნებისმიერ სასიკეთო წამოწყებას, მათ შორის ონკოპაციენტებთან მიმართებაში, მათ შორის მათთვის პაკეტების გაუმჯობესების, ლიმიტების მოხსნის და დახმარების კუთხით, რომ ისინი არ გადაცვივდნენ ფინანსურ კატასტროფაში სიცოცხლის გადასარჩენად. მთელი პოზიტიური ძალისხმევა, მათ შორის ონკოლოგიური პროგრამების მიმართებაში [მაგალითად „როშესთან“ მოლაპარაკების შედეგად, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შემოიტანეს საკმაოდ ძვირი პრეპარატები] შეიძლება წყალში გადავყაროთ, თუ არასწორი დებატი წარიმართა ამასთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, სახელმწიფო დააფინანსებს თუ არა ონკომედიკამენტებს, საუბარია იმაზეც, რომ საზღვარგარეთ უფრო იაფი ღირს იგივე ონკოწამალი, ვიდრე საქართველოში.

„ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ თურქეთში წავიდეს და იმკურნალოს ან ჩამოიტანოს ეს ახალი წამალი. არსებობს მექანიზმი, რომ შენ შეგიძლია ფორმა 100-ით მიხვიდე და ფარმაცევტულ კომპანიას ჩამოატანინო კონკრეტული პრეპარატი. ან წახვიდე და შენ თვითონ ჩამოიტანო. მაგალითად, ჩემი ახლობელი ოჯახი მიდის და ყიდულობს ერთ-ერთ ონკოლოგიურ იმუნოთერაპიის პრეპარატს თურქეთში იმიტომ, რომ იქ სამჯერ უფრო იაფი ღირს“, - აღნიშნა მან.

როგორც ზოიძე ამბობს, ექსპერიმენტული წამლები შეიძლება მაგალითად, ამერიკაში არც სახელმწიფომ და არც კერძო სადაზღვევომ არ დააფინანსონ. მოქალაქეებს აქვთ წვდომა ინფორმაციაზე და აქვთ შესაძლებლობა, ახალი მედიკამენტების გამოსვლის შესახებ გაიგონ. შესაძლოა, ეს მედიკამენტები შედეგს ვერ უზრუნველყოფენ, მაგრამ პაციენტები ცდილობენ ამ მედიკამენტების სხვადასხვა გზით მიღებას.

„წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობა, როცა იღებს ინფორმაციას, რომ ახალი წამალი გამოჩნდა მსოფლიოში, რომელიც დიდ იმედს იძლევა. ზოგჯერ ეს იმედი გადაჭარბებულია და ზოგჯერ შეიძლება არ შველოდეს, მაგრამ პაციენტს იმედი უჩნდება, ცდილობს ეს პრეპარატი მიიღოს ყველა ფასად. მიდის ექიმთან, ეუბნება, რომ დამიწერე, მე თვითონ ვიშოვი, წავალ რეფერალური პროგრამით დავაფინანსებინებთ სამინისტროსო, ექიმს უძნელდება რომ უარი უთხრას, მით უმეტეს, რომ ექსპერიმენტულია. ამას თუ სისტემური ხასიათი აქვს და ვიღაცები შეკრულები არიან, რა თქმა უნდა, ეს კრიმინალია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა ისიც, რომ თუ ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებს, რომ ფიქტიურ პაციენტებზე გამოიწერა საეჭვო წარმოშობის მედიკამენტები და შემდეგ განხორციელდა მისი გაყიდვა, დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„ბევრი განვითარებული ქვეყანა ვერ აძლევს თავს უფლებას, რომ ეს დააფინანსოს, თუ ეს პრეპარატი ყველას გამოუწერე, უშველის თუ არ უშველის, ლიმიტებს მართლა ვერ მოხსნიან, იმიტომ, რომ თუ ყველა პაციენტს გამოვუწერეთ, ან შეიძლება საერთოდ პაციენტი არ იყოს, ისე გამოწერე, ეს მორალის ყველა ზღვარს სცდება, რომ ფიქტიურ ავადმყოფზე გამოწერო და მერე გაყიდო ის წამალი. თუ ასეთი შემთხვევებია, უნდა გამოიძიონ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში საქმეზე გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ახლა გამოძიების ჯერია, გასცეს პასუხი დაგროვილ კითხვებს.

მერი ტაბატაძე