არაკვალიფიციურ ავტოინსტრუქტორთა ბიზნესი ჩაიძირება?!

ალბათ ბევრი ჩვენგანი დგას დილემის წინაშე - ღირს თუ არა საკუთარი ავტომობილით მოძრაობა ქალაქში? საცობებს ახალგამომცხვარი მძღოლების მომრავლებაც ემატება - უმეტესობამ ავტომობილის მართვა არ იცის და ხშირად სახიფათო სიტუაციას ქმნის.­ რატომ დადის ჩვენ გარშემო უამრავი "მოძრავი ბომბი" და ამ ვითარების გამოსწორებას ვისი ბიზნესების ჩაძირვა­ მოჰყვება?! "კვირის პალიტრას" საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ესაუბრა.

- საქართველოში ორიოდე­ სკოლაა­, სადაც მძღოლებს კვალიფიციური ავტოინ­სტრუქტ­ორები ამზადებენ. დანარჩენ შემთ­ხვევებში სიტუაცია უმეტე­სად კურიოზულია. ნებისმიერს, ვისაც­ სათანადო ავტომობილი ჰყავს, შეუძლია, მიაწეროს მას "სასწავლო" და გახდეს "მასწავლ­ებელი". ამ ხერხით ფული იოლად საშოვნელია. ხშირად ასეთმა ავტოინსტრუქტორებმა­ თავადაც არ იციან ის, რაც მოძრ­აობისას­ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. უბედურება ის არის, რომ ავტოინსტრუქტორთა უმრავლესობა მხოლოდ­ საგამო­ცდო ელემენტების სწავლებით შემოიფარგლება, თუმცა, ხეირიანად ამასაც ვერ ახერხებენ - მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის სწავლის პროცესი ჭიანურდება და, ცხადია, უფრო ძვირიც ჯდება. ჩემი აზრით, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ მან გაიარა შესაბამისი მომზადება, ვიდრე გახდებოდა მასწავლებელი.

- უფრო ხშირად რა არ იციან ავტოინს­ტრუქტორებმა?

- არ იციან, ან ვერ გადმო­სცემენ კარგად, თუ რა შემთხვევაში, როგორ იცვლება სიჩქარე­ები, რა შედეგებს იწვევს ავტომ­ობილის გზაზე გადასვლა, გზაჯვარედინის არცოდნა და ა.შ. ახალგამომცხვარი მძღოლები აიღებენ მართვის მოწმობას და დადიან ქალაქში, მათმა 90%-მა კი ტარება არ იცის. შესაბამისად, ჩვენ გარშემო "მოძრავი ბომბები" დაიარება. კურიოზულია ისიც, რომ მართვის მოწმობის აღების შემდეგ ახალბედა მძღოლი მიდის მასწავლებელთან და ქალაქში გასვლას სწავლობს... ეს მოწმობის აღებამდე უნდა ხდებოდეს.

- რა ჯდება მართვის მოწმობის აღება?

- ნიჭიერ ადამიანს ეს 150-200 ლარი უჯდება, ნაკლებად ნიჭიერს - 400-500 ლარი. თუ ვინმე მოწმობის აღების შემდეგაც მოისურვებს ქალაქში მართვის სწავლას, ერთი ამდენი კიდევ დაუჯდება. ზოგი მასწავლებელი კარგად ასწავლის, მაგრამ ერთი გაკვეთილი (სამსაათიანი) 80-100 ლარი ღირს.

- დღეს ავტომატური მართვითაც შესაძლებელია გამოცდის ჩაბარება. ამან მომზადება­ არ გააიაფა?

- რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში მხოლ­ოდ ერთი (ერთსაათიანი) გაკვეთილიც საკმარისია, რომ გამოცდა ჩააბარო­. ამით გამარტივდა მართვის მოწმობის აღება, მაგრამ დამძიმდა ზოგადი სურათი. გამოსავალი ის არის, რომ ევროპული სწავლების მოდელი შემოვიღოთ. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური სკოლები, სადაც მართვის მოწმობის აღების მსურველები მძღოლობას ისწავლიან. მათ 20 გაკვეთილი მაინც უნდა ჩაუტარდეთ. თუ ინსტრუქტორი ჩათვლის, რომ მოსწავლე გამოცდაზე გასასვლელად მზად არის, შესაბამის დოკუმენტს გასცემს, თუ არადა, გააგრძელებს გაკვეთილების ჩატარებას.

- ეს კორუფციას ხომ არ წარმოშობს?

- ამის გაკონტროლება შეიძლება. ადრე იყო მსგავსი­ სკოლა კორუფციის წყარო, რასაც მისი გაუქმება მოჰყვა...

- ქალაქში გამოცდის გადატანა არაფერს­ შეცვლის?

- გამოცდის ჩასაბარებლად რამდენიმე ადგილი იქნება თბილისშიც, რუსთავშიც და სხვა ქალაქებშიც - გამოცდა უნდა ჩაბარდეს იქ, სადაც ხშირი მოძრაობაა.

- ამ ტიპის საგამოცდო სისტემაზე გადასვლას არაკვალიფიციური ავტოინსტრუქტორების ბიზნესის ჩაძირვა მოჰყვება?

- რა თქმა უნდა. თუმცა, გაჩნდება ახალი ბიზნესი - ავტოინსტრუქტორთა მომზადება-სერტიფიცირებისა და მომავალში მეტი კვალიფიციური მძღოლი გვეყოლება...

შსს-ს მომსახურების სააგენტოს საზოგ­ადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ქალაქში გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა გარდაუვალი პროცესია.

იმედა მაკასარაშვილი, სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსი: - ქალაქში პრაქ­ტიკული გამოცდის ჩასაბარებლად ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი: მოსამზადებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები, რის შემდეგაც ძალაში უნდა შევიდეს საკანონმდებლო ინიციატივა. ვფიქრობ, ამ საქმეს ერთი წელიწადი ან მეტი მაინც დასჭირდება...

ეკა ასათიანი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”