ბორჯომში საკურორტო სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს

ბორჯომი ტურისტული სეზონისათვის ემზადება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, ინტენსიური სამუშაოები ტარდება ქალაქის ცენტრში მტკვრის სანაპირო სკვერის განახლებასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით მოხდება ჭავჭავაძის ძეგლიდან სილამაზის ხიდამდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება და გამწვანდება ტერიტორია. მტრედის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კი უახლოეს მომავალში დასრულდება სკვერის მოწყობა. სკვერში განთავსდება ახალი ატრაქციონები, სკამები, მოეწყობა ბილიკები და გამწვანდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს გზების, ხიდების, მოსაცდელების, სახლების გადახურვის სარეაბილიტაციო და გარე განათების ბოძების სამღებრო სამუშაოები. მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში დაიწყება პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით სავალი ნაწილის, გარე განათებისა და კედლის ბარიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, შიდა გზების მშენებლობის პროცესი გრძელდება ბაკურიანში, სოფელ მზეთამზეში კი მისასვლელი გზის 800 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზაფხულის საკურორტო სეზონთან დაკავშირებით დაბა წაღვერის ცენტრში დაგეგმილია სკვერის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები.

"მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გვსურს, რომ ჩვენი ქალაქი დამსვენებელსა და ნებისმიერ ვიზიტორს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდეს, თუმცა ბორჯომის გალამაზებისათვის ზრუნვა მიმდინარე სამუშაოებით არ შემოიფარგლება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება", – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.