ივნისიდან ახალი ვალდებულება შემოდის - ვის არ მოუწევს პერსონალურ მონაცემთა ოფიცრის აყვანა?

ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის აყვანა მოუწევთ. აღნიშნულს გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებები. ეს ვალდებულება ამოქმედდება 2024 წლის 1-ლი ივნისიდან.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლიკა კობალაძემ განაცხადა, აღნიშნული ვალდებულება შეეხება კერძო ბიზნესის ნაწილს და საჯარო დაწესებულებებს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა, იმ პირთა წრე, ვისაც არ შეეხება ვალდებულება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა/განსაზღვრა არ ევალება იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

არ არის საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება;

ამუშავებს შემდეგი რაოდენობის მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს:

  • საქართველოს მოსახლეობის არაუმეტეს 3 პროცენტისა, რომელიც გამოითვლება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბოლო შედეგების მიხედვით;
  • საქართველოს მოსახლეობის არაუმეტეს 1 პროცენტის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, რომელიც გამოითვლება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბოლო შედეგების მიხედვით;

არ ახორციელებს მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.

სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების განმახორციელებელ დაწესებულებას მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა/განსაზღვრა არ ევალება იმ შემთხვევაში, თუ იგი მონაცემებს ამუშავებს უშუალოდ იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ფარგლებში.

თაია არდოტელი