„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე ქონებრივ დეკლარაციას ანახლებს. აღნიშნულის თანახმად, მან გასულ წელს საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებისთვის ხელფასის სახით 43 624 ლარი მიიღო.
რაც შეეხება ვაშაძის და მისი მეუღლის, ქეთევან სიჭინავას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ასე გამოიყურება - სიჭინავას საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი თბილისში ჯამში 100 კვ.მ, რომელიც მას მამამ აჩუქა. გარდა ამისა, სიჭინავა ფლობს 4062 კვ.მ-იანი კომერციული ფართის 70%-ს. დეკლარაციის თანახმად, მას ეს ფართი ასევე მამამ აჩუქა 2008 წელს. დეკლარაციაში მითითებული მონაცემების თანახმად, გიორგი ვაშაძე ფლობს ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2014 წელს 5 000 აშშ დოლარად იყიდა.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციით ავტომობილი მხოლოდ ვაშაძის მეუღლეს უფიქსირდება. საუბარია 2016 წლის BMW X6-ზე, რომელიც სიჭინავამ 2019 წელს 40 000 აშშ დოლარად იყიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაშაძემ 2013 წელს 21 ერთეული Bitcoin-ი 18 000 აშშ დოლარად, ხოლო 2016 წელს 80 ერთეული Etherium-ი 5 000 აშშ დოლარად იყიდა. დღეის მდგომარეობით, 1 ერთეული Bitcoin-ი 64.9 ათას აშშ დოლარი, ხოლო Etherium-ი 3.7 ათასი აშშ დოლარი ღირს.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, 2023 წელს ბიტკოინების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 145 ათას აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ხოლო ჯამში 20 ერთეული ეთერიუმის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელს 4 100 აშშ დოლარი იყო.
გიორგი ვაშაძეს სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჯამში 9 859 ლარი და 2 271 აშშ დოლარი უფიქსირდება, ანაბარზე კი 9202 აშშ დოლარი აქვს. ამასთანავე, მის შვილს, მიხეილ ვაშაძეს ანაბარზე 36 590 ლარი უფიქსირდება, ქეთევან სიჭინავას კი 1 444 ლარი და 20 893 ევრო. გარდა ამისა, სიჭინავას ანაბარზე აქვს 185 ათასი დოლარი, რაც დეკლარაციის თანახმად, ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია. ვაშაძის მეუღლეს სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე 6 200 ლარი აქვს, შემნახველზე - 6 200 აშშ დოლარი და 4 436 ევრო.
დაბოლოს, ვაშაძეების ოჯახის სამეწარმეო საქმიანობები ასე გამოიყურება: დეპუტატის მეუღლე შპს „ფიჩის“ დირექტორი და 50%-იანი და შპს „ნარას“ დირექტორი და 45%-იანი წილის მფლობელია.