ერდოღანი ოპოზიციას საპრეზიდენტო სასახლეში ოქროს უნიტაზების საპოვნელად ეპატიჟება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტს მაშინვე დატოვებს, თუ მის ახალ საპრეზიდენტო სასახლეში ოპოზიცია ოქროს უნიტაზებს აღმოაჩენს.

"სიამოვნებით ვიწვევ ჩემს სასახლეში კილიჩდაროღლუს. მაინტერესებს, იპოვის თუ არა ოქროს უნიტაზებს, როგორც ეს სახალხოდ განაცხადა. თუ იპოვის, პრეზიდენტობიდან გადავდგები", - აღნიშნა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თურქული TRT-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

"როიტერის" ინფორმაციით, "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ თურქეთის პრეზიდენტი თავაშვებულობაში დაადანაშაულა.

ქემალ კილიჩდაროღლუს თქმით, ერდოღანისთვის სპეციალურად აშენდა სასახლეები, შეიძინეს თვითმფრინავები, "მერსედესის" მარკის მანქანები და ოქროს უნიტაზებიც კი.

თურქეთის პრეზიდენტის "თეთრი სასახლე" ანკარაში მდებარეობს. კომპლექსი ორასი ათასი კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული, შენობაში ათასი ოთახია და მისი აშენება 270 მილიონი ევრო დაჯდა. სასახლის ცენტრალურ შენობაზე ათათურქის პორტრეტია გამოსახული. ოპოზიციის განცხადებით, სასახლის ასაშენებლად ტერიტორიაზე ათასობით ხე მოჭრეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს სასახლე პრემიერის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ კი, რაც ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მშენებლობის სტატუსიც შეიცვალა.