სომხეთი თურქეთთან საზღვრისა და რეგიონში ყველა სატრანსპორტო მარშრუტის გახსნისთვის მზად არის

სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად ისწრაფვის თურქეთთან საზღვრის სწრაფად გახსნისკენ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანმა თურქულ სააგენტო Anadolu-ს განუცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნა უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. ამ პროცესის ფარგლებში, მინისტრის ცნობით, ორივე მხრიდან სპეციალური წარმომადგენლები დაინიშნა, რომლებიც ერთამნეთთან როგორც პირადი შეხვედრებით, ასევე, სატელეფონო საუბრებით კონტაქტობენ.

მირზოიანმა გაიხსენა, რომ მხარეებმა თურქეთსა და სომხეთს შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში დიპლომატიური პასპორტების მფლობელ პირებსაც შეეხება.

მირზოიანმა დაასახელა ორი ქვეყნის შეთანხმება თურქეთის პროვინცია ყარსის ისტორიული ანის ხიდის რეკონსტრუქციაზე, ასევე, სასაზღვრო რაიონებში ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობაზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა ერევნის მზადყოფნას რეგიონში ყველა საკომუნიკაციო და სატრანსპორტო მარშრუტის გახსნისთვის.

„პირველ რიგში, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს,“ - აცხადებს მირზოიანი.

თუმცა ერევანი ეწინააღმდეგება მესამე ქვეყნების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მინისტრის თქმით, რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტები იმ ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ უნდა იყოს, რომელშიც ისინი მდებარეობს. მაგალითად, აზერბაიჯანის გავლით გამავალ სატრანსპორტო მარშრუტებზეც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და თანასწორობის პრინციპები უნდა ვრცელდებოდეს და მათზე თანაბარი უფლებამოსილება ბაქოს ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს. თუმცა, მირზოიანის ცნობით, აზერბაიჯანულ მხარეს მსგავსი სტრუქტურა არ მოსწონს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ