დადიანის ქუჩა სადგურის მოედანს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება - „აქტიურად ვმუშაობთ და მივიყვანთ ბოლომდე“

დედაქალაქის მერია მუშაობს პროექტზე, რომელიც დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის საავტომობილო ხიდით დაკავშირებას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მიხარია, რომ ჩართული ვარ ამ პროცესში. ამ პროექტის განხორციელება ურბანულადაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ნაძალადევის რაიონი, რომელიც ლიანდაგის მეორე მხარეს მდებარეობს, პრაქტიკულად მოწყეტილია და ორი გამოსავლელი აქვს: 1 - ერისთავის ქუჩა, დიდუბის მეტროსთან; მე-2 - მარჯანიშვილისა და სადგურის მოედნის მხრიდან, სადაც საკმაოდ წვრილი ქუჩებია და რთულია იმ ტერიტორიიდან გამოსვლა.

შესაბამისად, მსოფლიო ბანკთან უკვე დაწყებული გვაქვს პროცედურები, ამ პროექტზე ინტენსიურად და აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე,“- აღნიშნა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ სადგურის მოედნის განახლების რეკომენდაცია დანიური კომპანიის Ramboll-ს მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც არის საუბარი. ამ გეგმის თანახმად, რეკომენდირებულია ტერიტორიაზე მოეწყოს ახალი გადასასვლელი, საჯარო სივრცე, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემო.

იხილეთ ასევე: ახალი გადასასვლელი, სკვერი - როგორ შეიძლება შეიცვალოს სადგურის მოედნის ტერიტორია

თაია არდოტელი