საქართველოში ნათესი ფართობები ისევ შემცირდა - რამდენ ჰექტარზე დაითესა ხორბალი

საქართველოში საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობები ისევ შემცირდა. საქსტატის 2023 წლის ექსპრეს მონაცემებით, დამუშავებული ფართობების მოცულობამ 207.4 ათასი ჰექტარი შეადგინა, წინა წელს კი საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურები 215.7 ათას ჰექტარზე დაითესა.

ამავე მონაცემებით, 2023 წელს მცირედით, 0.3 ათასი ჰექტარით, 66.8 ჰექტრამდე შემცირდა საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის და ქერის ნათესები, თუმცა უკვე 2024 წელს ამ მაჩვენებელმა უფრო მკვეთრად დაიწია და წელს ხორბალი და ქერი მხოლოდ 55 ათას ჰექტარზე დაითესა. (აღსანიშნავია, რომ საქსტატს წლევანდელი წლის ექსპრეს მონაცემები მხოლოდ საშემოდგომო მარცლოვან კულტურებზე აქვს გამოქვეყნებული).

რაც შეეხება საგაზაფხულო კულტურებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

საერთო ნათესი ფართობები 2023 წელს 140.6 ათას ჰექტარს შეადგენდა, 2022 წელს - 148.7 ათას ჰექტარს

აქედან:

მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების ნათესი ფართობები (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) 2023 წელს 95.5 ათას ჰექტარს შეადგენდა, 2022 წელს - 100.3 ათას ჰექტარს

კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ნათესი ფართობები 2023 წელს იყო 28.8 ათასი ჰექტარი, 2022 წელს - 29.7 ათასი ჰექტარი

სხვა კულტურების ნათესი ფართობები კი 2023 წელს 16.3 ათას ჰექტარს, 2022 წელს კი 18.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.