„მიიღეს უაზრო დადგენილება, რომელმაც სერიოზული კრიზისი შექმნა“ – „ახლა ცდილობენ ამ კრიზისიდან გამოვიდნენ“

თებერვლის დასაწყისში კლინიკების ნაწილს დაეგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ სიკვდილობის 6%-ზე მეტის შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებოდათ. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ სიკვდილობის მაჩვენებლის გამოყენება დაფინანსების შესაწყვეტად სამართლიანი არ იყო და საჭირო იყო სპეციალური ინდიკატორების შემუშავება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, „თანამედროვე მედიცინაში სიკვდილობის შეფასება პროცენტულად სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“.

დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გაჟღერებული ინფორმაციიდან მალევე, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ კლინიკებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის დათვლის ინდიკატორებზე მუშაობას იწყებდნენ, რაც ცნობილი მარტის ბოლოს გახდებოდა. სააგენტოში აცხადებდნენ, რომ ინდიკატორების შემუშავების პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებოდნენ.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მასთან უწყებიდან ვინმეს შეხვედრა, ან სმენია ამის შესახებ, ვახტანგ კალოიანი პასუხობს, რომ ამის შესახებ არ გაუგია რაიმე სიახლე. მისი თქმით, დარგის წარმომადგენლებთან განსაკუთრებული შეხვედრები საჭირო არ არის, რადგან არსებობს მსოფლიო გამოცდილება, რისი გათვალისწინებაც უნდა მოხდეს.

„შეიძლება ვიღაცებს შეხვდნენ, არ ვიცი... ერთგვარი თავის არიდებაა, რომ ვხვდებით პროფესიულ წრეებს. ძალიან ხშირად ეგ ცოდნა ექიმებს არ აქვს და ეგ სწორედ ჯანდაცვის მენეჯერების საქმეა“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

კითხვაზე, რატომ მოხდა ისე, რომ მცირე დროში დაეგზავნათ კლინიკებს წერილი 6%-ზე მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელზე მეტის შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტაზე და შემდეგ ინდიკატორების შემუშავებაზე საუბარი დაიწყეს, კალოიანი განმარტავს, რომ აღნიშნული დაგეგმვის ნაკლებობის ბრალია.

„ბარდაგია სრული, მათ მიიღეს დადგენილებები სრულიად უაზრო, რომელმაც სერიოზული კრიზისი შექმნა და ახლა ცდილობენ ამ კრიზისიდან რამენაირად გამოვიდნენ და ჩემი აზრით, სისულელეს სისულელეზე აკეთებენ. ეს არის უკნიდან დაწყებული საქმე, ჯერ უნდა შეიქმნას სრული პოლისი, თამაშის წესები, ინდიკატორები, რას უნდა მიაღწიოს სახელმწიფომ და შემდეგ უნდა დაიწყოს ე.წ რეფორმა და არა ასე ქუჩა-ქუჩა მიდევნებით მაშინ, როცა რაიმე ახალ პრობლემას დაინახავენ“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ამასთანავე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების ექსპერტი აკაკი ზოიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრობს იმაზე, რომ, პირველ რიგში, სამედიცინო ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. მისი თქმით, ხარისხის ნაკლებობა გამოიხატება ინფექციებში, რეჰოსპიტალიზაციაში და ბოლოს, უკვე სიკვდილობის მაჩვენებელში.

„გვაქვს დარგები, სადაც ჩვენთან ჩამოდიან სამკურნალოდ, მაგალითად კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, მაგრამ ჩვენი პრობლემა არის სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რომელიც გამოიხატება ჰოსპიტალში, ინფექციებში, რეჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში, ადამიანი 30 დღეში კლინიკაში ბრუნდება იმიტომ, რომ სწორად ვერ უმკურნალეს, დაბოლოს, სიკვდილობის მაჩვენებელში“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, უნდა შემუშავდეს სწორი ინდიკატორები, იმისთვის, რომ კლინიკებს შორის კონკურენცია თანაბარი და სამართლიანი იყოს. ზოიძე ამბობს, რომ ამის კონტროლი აქამდე არ ხორციელდებოდა.

„ამ ფაქტორის გაკონტროლება აქამდე არ ხდებოდა. ეგრევე არ უნდა გააკეთო, რამდენიმე წელი უნდა დააკვირდე, დრო მისცე საავადმყოფოებს, რომ სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის შემცირებისთვის მიიღონ ზომები. როცა ჩვენ გადავალთ არჩევით კონტაქტირებაზე, სიკვდილიანობა ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, რითაც განისაზღვრება ის კონკრეტული საავადმყოფო მონაწილეობას მიიღებს თუ არა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც ხალხის ფულით უნდა მოხდეს საუკეთესო შედეგების მიღება პაციენტებისთვის“, - ამბობს ზოიძე.

ექსპერტის თქმით, შერჩევითი კონტაქტირების დროს სახელმწიფო შეარჩევს საავადმყოფოსა და მომწოდებელს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, პაციენტს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას გაუწევს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორები მარტის ბოლოს უნდა გამოაქვეყნოს. როგორც ცნობილია, გათვალისწინებული უნდა იყოს რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლები.

მერი ტაბატაძე