გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა შვეიცარიის სენატმაც მოიწონა

შვეიცარიის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატამ) დაამტკიცა წინადადება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის საჭიროებისთვის გამოყენების შესახებ. ინფორმაციას სააგენტო, France-Presse (AFP) ავრცელებს.

წინადადებას 21-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 19 იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა. შვეიცარიის ეროვნულმა საბჭომ, ანუ პარლამენტის ქვედა პალატამ ეს წინადადება 2023 წელს მიიღო.

AFP-ის ცნობით, პარლამენტში დამტკიცების შემდეგ შვეიცარიის მთავრობას უფლება ენიჭება, დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად, რომ რუსული ფული კიევის დასახმარებლად იქნეს გამოყენებული.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ ინაციო კასისის განცხადებით, პარლამენტმა მთავრობას მოუწოდა, მიიღოს ზომები აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, რომ მიღებული გადაწყვეტილება განხორციელდეს.

„რუსეთმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ამიტომ მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო დისკუსია კომპენსაციის მექანიზმთან დაკავშირებით და მათში თავისი ცოდნის, უნარებისა და ამ სფეროში გამოცდილების გამოყენებით შვეიცარიაც მონაწილეობს,“ - აცხადებს მინისტრი.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, შვეიცარიამ 7,7 მლრდ შვეიცარული ფრანკის (8,8 მლრდ დოლარის) ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ეს თანხა მოიცავს სავარაუდო მონაცემებს ფულადი დეპოზიტებიდან მიღებული მოგების, ასევე, ობლიგაციების, აქციების, უძრავი ქონებისა და ძვირადღირებული მანქანების შესახებ.

თუმცა Reuters წერდა, რომ გაყინული აქტივები შვეიცარიაში არსებული რუსების სიმდიდრის მხოლოდ მცირე ნაწილია. კერძოდ, შვეიცარიის ბანკირთა ასოციაციის შეფასებით, რუსები შვეიცარიის ბანკებში, დაახლოებით, 150 მლრდ ფრანკს (171 მლრდ დოლარს) ინახავენ.

ოფიციალურმა ბერნმა, ასევე, დაბლოკა 7,4 მლრდ ფრანკის (8,4 მლრდ დოლარის) ოდენობის სავალუტო აქტივების მოძრაობა, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ