რუპერტ მერდოკი ქორწინდება - ვინ არის მედიამაგნატის რჩეული

მედიამაგნატი, რუპერტ მერდოკი, რომელსაც 11 მარტს 93 წელი შეუსრულდება, რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ყოფილ სიდედრზე, 67 წლის ელენა ჟუკოვაზე აპირებს დაქორწინებას. ინფორმაციას The New York Times (NYT) მერდოკის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, მერდოკი და ჟუკოვა 2023 წლის ზაფხულიდან ურთიერთობენ და წყვილი უკვე დაინიშნა, ქორწილი კი ივნისში არის დაგეგმილი.

The Washington Post-ი მერდოკთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქორწინო ცერემონია 1 ივნისს გაიმართება, ხოლო The New York Times-ის ცნობით, ღონისძიება კალიფორნიაში, მედიამაგნატის კუთვნილ მორაგას ვენახის მამულში შედგება.

ორივე გამოცემა წერს, რომ ეს ქორწინება მერდოკისთვის მეხუთე იქნება. პირველი სამი მეუღლიდან მას ექვსი შვილი ჰყავს. მისმა მეოთხე მეუღლემ, მოდელმა და მსახიობმა, ჯერი ჰოლმა განქორწინებაზე განცხადება 2022 წლის ივლისში შეიტანა, რის მიზეზადაც „შეურიგებელი უთანხმოება“ დაასახელა. მერდოკი მოგვიანებით რადიოწამყვან ენ ლესლი სმიტზე დაინიშნა, თუმცა 2023 წლის აპრილში ეს ნიშნობა გააუქმა.

The Mail Online წერს, რომ ჟუკოვას მერდოკი მესამე ცოლის, ვენდი დენგის მეშვეობით შეხვდა. NYT-ის ცნობით, ელენა ჟუკოვა მოლეკულური ბიოლოგია, რომელიც დიაბეტს სწავლობდა და, მათ შორის, კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში მუშაობდა. ამ დროისთვის ის პენსიაზეა.

NYT წერს, რომ ჟუკოვა შეერთებულ შტატებში მოსკოვიდან, სსრკ-ს დაშლის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად. „კომსომოლსკაია პრავდას“ ცნობით, ის საბჭოთა კავშირის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ცენტრალურ ინსტიტუტში მუშაობდა და ნავთობინდუსტრიის ბიზნესმენ ალექსანდრე ჟუკოვზე იყო დაქორწინებული. მათი ქალიშვილი, დარია ჟუკოვა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ყოფილი მეუღლეა, რომელიც მასზე 2017 წლამდე იყო დაქორწინებული. წყვილი ერთად ათი წელი იყო და ორი შვილი ჰყავთ.

ელენა ჟუკოვა აშშ-ში მეორედ, ბიოლოგ გეორგი გაუზზე გათხოვდა, რომელიც, ასევე, ემიგრანტი იყო და 1999 წელს გარდაიცვალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ