პეტრე ცისკარიშვილი: 2%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, საქართველო არ იარსებებს

2%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, საქართველო არ იარსებებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "საქსტატის" მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მარტში და თებერვალში, 4%-ზე მეტი ზრდა არ გვქონია. კერძოდ, დეპუტატის თქმით, რიცხვების მანიპულირება მარტივია, თუ ვთქვათ, აპრილის ბრუნვებს მარტს მიაწერენ და ამით მარტის მონაცემებს გაზრდიან, ან თუ შარშანდელ ინვესტიციას იანვარს ან თებერვალს მიაწერენ და ამ თვეების მონაცემებს აღნიშნული მეთოდით გაზრდიან.

"მიუხედავად ასეთი მანიპულაციისა, წლის ბოლოს, რა თქმა უნდა, მათ მთლიანი ციფრის გაზრდა უჭირთ. ამიტომ, იძულებულები გახდნენ აპრილში დააფიქსირონ შენელებული, გაჩერებული ეკონომიკური ზრდა და ეს ციფრი 0,9%-ში გამოიხატა. ეს მეტნაკლებად რეალისტური მონაცემია, რადგან ჩენი ეკონომიკა გაჩერებულია. 0-დან 2-%-მდე ეკონომიკის ზრდის მერყეობა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები თანდათან იკარგება. 2%-იანი ზრდის შემთხვევაში, როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, ჩვენ უბრალოდ აღარ ვიქნებით და საქართველო არ იარსებებს, რადგან ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნები განვითარდებიან და ხალხის გადინება მოხდება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დეპუტატი შეეხო იმპორტისა და ექსპორტის თემასაც და აღნიშნა, რომ ამ სფეროშიც ქვეყანას კატასტროფული კლება აქვს. მისი თქმით, იმპორტის შეფერხებას ხელისუფლება სპეციალურად ცდილობს, რათა ამ მეთოდით ლარის კურსი დაიჭიროს. "მათ ჩათვალეს, რომ არ აქვთ საშუალება გაზარდონ ექსპორტი, ტურიზმი, ინვესტიცია და ამცირებენ იმპორტს. თუ კიდევ გაგრძელდება იმპორტის კლება, ლარი დასტაბილურდება, მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობას ექნება ნაკლები მსყიდველუნარიანობა, ანუ იმპორტირებულ პროდუქტის შეძენა შეფერხდება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.