რამდენიმე დღეში თბილისში ახალი ბრენდი გამოჩნდება - სად იხსნება მაღაზია?

თბილისში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იტალიური ბრენდის, Replay-ის პირველი მაღაზია იხსნება, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ „აი სი არ ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნინო მამუჩაშვილმა განუცხადა.

ბრენდის 1-ლი მაღაზია დედაქალაქში 15 მარტს, სითი მოლში გაიხსნება.

მამუჩაშვილის თქმით, სამომავლოდ იგეგმება ფილიალების დამატებაც. კერძოდ, კომპანია ზაფხულში Replay-ის ფილიალის გახსნას ბათუმშიც აპირებს.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სხვა ახალი ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე, მამუჩაშვილი პასუხობს, რომ „აი სი არ ჯგუფს“ ამასთან დაკავშირებით აქვს გეგმები, მაგრამ ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ Replay-ს მაღაზია საქართველოში დაახლოებით 12 წლის წინაც იყო, თუმცა, ბაზრიდან გავიდა.

ცნობისთვის, REPLAY 1978 წელს დაარსდა იტალიაში. ბრენდი ქმნის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვთა ხაზისთვის. გარდა ამისა, კომპანიას აქვს აქსესუარების, სათვალისა და პარფიუმერიის ხაზი. აღსანიშნავია ისიც, რომ REPLAY ევროპის, ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მერი ტაბატაძე