ავტომობილი 63 367 ლარად, მიწის ნაკვეთი 49 000 დოლარად - როგორია გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის ქონება?

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ დეკლარაცია 2024 წლის 29 თებერვალს შეავსო.

უკანასკნელი ინფორმაციით, ვაშაძისა და მისი მეუღლის, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სახელზე შემდეგი სახის ქონება ფიქსირდება:

გრიგოლ ვაშაძე - 2007 წელს 20 000 დოლარად შეძენილი 500 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთაში; მსუბუქი ავტომობილი Mazda cx 5, რომელიც მან 2023 წელს 63 367 ლარად შეიძინა. რაც შეეხება სანაბკო ანგარიშს, ვაშაძის „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 1705 ლარი უფიქსირდება.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს პარლამენტის აპარატიდან მისი, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალი 41 799 ლარი იყო.

ნინო ანანიაშვილი - მის სახელზეა 30 000 ლარად 2018 წელს აშენებული 1177 კვ. მ. ფართობის სახლი; 2014 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავდარაანთკარში 3 810 კვ. მ. მიწის ნაკვეთი შეძენილი 49 000 დოლარად; 2006 წელს, თელავის სოფელ წინანდალში 2030 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 000 დოლარად და ამავე სოფელში 2007 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი 1 401 კვ.მ. 1 200 დოლარად.

ნინო ანანიაშვილი ასევე ფლობს ავტომობილებს - Toyota Land Cruiser 100-ს, რომელიც მან 2005 წელს 55 000 დოლარად შეიძინა და Toyota Camry 2019-ს, რომელიც მან 2022 წელს 25 000 დოლარად იყიდა.

პრიმა-ბალერინას „თიბისი ბანკის“ სხვადასხვა მიმდინარე ანგარიშებზე 559 ლარი, 6 274 ლარი, 330 დოლარი, 40 953 ლარი და 194 ლარი უფიქსირდება. ამავე ბანკის ანაბარზე კი მას 3 494 ლარი აქვს.

რაც შეეხება სხვა ბანკებს - „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე მას 11 475 ლარი აქვს, „ტერა ბანკში“ – 213 ლარი, ხოლო „პროკრედიტ ბანკში“ – 238 ლარი.

2013 წლიდან დღემდე ნინო ანანიაშვილი ფლობს 40%-იან წილს შპს პირველი სავაჭრო კომპანიაში.

2023 წლის განმავლობაში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელისა და პედაგოგ-რეპეტიტორის თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 61 979 ლარი შეადგინა.

ეკა დარჩიაშვილი