ფოთში ცემენტის ქარხანა იხსნება

ცემენტის წარმოების ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის. უახლოეს მომავალში კომპანია "ლიდერ ცემენტი" ფრანგულ კომპანია ,,ლაფარჟთან” თანამშრომლობით, ფოთში ცემენტის ქარხანას აამუშავებს, რომელიც პირველ ეტაპზე წელიწადში 250 ათასი ტონა ცემენტის წარმოებას შეძლებს.

კომპანია "ლაფარჟი" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. მისი პროდუქციით ქალაქები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შენდება. ფრანგული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 65-მდე ქვეყანას მოიცავს და 63 ათას დასაქმებულს აერთიანებს.

”საქართველო საინტერესო ბაზარია ცემენტის წარმოების კუთხით, რადგან დღეს მხოლოდ ერთი ძლიერი ლიდერი გყავთ ამ სფეროში - ჰაიდელბერგცემენტი. ”ლიდერ ცემენტის” პროექტი, მართლაც შთამბეჭდავია. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, აწარმოოს ხარისხიანი ცემენტი ქვეყნის ამ ნაწილში. გარდა ამისა, ”ლიდერ ცემენტს” აქვს ამბიცია, აწარმოოს სუფთა და ხარისხიანი ცემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიებს დიდ მშენებლობებში. ჩვენ დახმარებას ვუწევთ ”ლიდერცემენტს”, მოწინავე ადგილი დაიკავოს ქართულ ბაზარზე და იგი ჩვენი ერთადერთი პარტნიორია რეგიონში”, - აღნიშნა ”ლაფარჟ ცემენტის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქსავიერ ბლონდომ.

ფოთში, 4 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ”ლიდერცემენტის” ქარხანა მომავალში 60-მდე ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას გეგმავს.