მასკი ამ კვირაში YouTube-ის ანალოგს ჩაუშვებს

კომპანია X მიმდინარე კვირას Smart TV ტელევიზორებისთვის YouTube-ის ანალოგიური აპლიკაციის ჩაშვებას აპირებს. ინფორმაციას ჟურნალი, Fortune კომპანიის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, აპლიკაციას YouTube-ის სატელევიზიო აპლიკაციის მსგავსი ინტერფეისი ექნება და Smart TV-ის მხარდაჭერით Amazon-ისა და Samsung-ის ტელევიზორებზე იმუშავებს.

გამოცემა წერს, რომ ახალი აპლიკაციის ჩაშვება X-ს საშუალებას მისცემს, ვიდეოპლატფორმად გადაიქცეს და YouTube-თან კონკურენცია დაიწყოს. Fortune-ის წყაროს ცნობით, X-ის მფლობელი, ილონ მასკი ცდილობს, მომხმარებლები წაახალისოს, რომ გრძელ ვიდეოებს დიდ ეკრანზე თავის ქსელში უყურონ. სხვა კომპანიებს შორის, რომლებთანაც X კონკურენციას აპირებს, ჟურნალის თანამოსაუბრემ, ასევე, დაასახელა პირდაპირი ტრანსლაციის პლატფორმა, Twitch, დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაცია, Signal და სოციალური ქსელის ფორუმი, Reddit.

Fortune ამტკიცებს, რომ მასკის გეგმა ცნობილ ადამიანებზე, ინფლუენსერებსა და ვიდეოთამაშების მაუწყებლობაზე არის ფოკუსირებული. კერძოდ, X-მა ახლახან გააფორმა ხელშეკრულება CNN-ის ყოფილ წამყვან დონ ლემონთან ახალი შოუსთვის, რომელიც პლატფორმაზე ექსკლუზიურად გავა. ამასთან, თავის ვიდეოებს X-ზე ხშირად აქვეყნებს კიდევ ერთი ამერიკელი ტელეჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი, რომელთა შორისაც პუტინთან ბოლო ინტერვიუც იყო.

იანვარში მასკმა განაცხადა, რომ ამიერიდან კომპანია, ძირითადად, ვიდეოებზე გაამახვილებს ყურადღებას. Fortune-ის შეფასებით, ორიენტირის შეცვლა X-ს რეკლამის განმთავსებლების გადინების შესაჩერებლად სჭირდება, რამაც სოციალურ ქსელს რამდენიმე მილიარდი დოლარი დააკარგვინა. ჟურნალს კომპანიის ერთ-ერთი ინვესტორის შეფასება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც 2022 წელს მასკის მიერ 44 მლრდ დოლარად სოციალური ქსელის შეძენიდან X-მა თავისი ღირებულების 70%-ზე მეტი დაკარგა.

იანვარში მასკმა, ასევე, დაწერა, რომ X-მა ანალოგიური რეკლამის დამატება დაიწყო, როგორიც YouTube-ზე ვიდეოს ყურების დაწყებამდე ჩნდება.

2022 წლის აპრილში, Twitter-ის შეძენის შემდეგ მასკმა გადაწყვიტა, სოციალური ქსელი სუპერაპლიკაციად გადაექცია, როგორიც ჩინეთის ბაზარზე დომინირებული Tencent-ის აპლიკაცია WeChat-ია. გასული წლის აგვისტოში მილიარდერმა გამოაცხადა, რომ X-ზე ვიდეო და აუდიო ზარის ფუნქციაც გაჩნდება, რომელიც ნომერზე მიბმის გარეშე Android-ისა და iOS-ს სმარტფონებზე, ასევე, კომპიუტერებსა და Mac-ებზე იმუშავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ