სადახლოში 4844,55 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

"სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე 4844,55 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი პარფიუმერული ნაწარმი სამარკო ნიშნით MARY KAY სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის ნ. ა-ს კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მგზავრს პროდუქცია სავარძლების უკან, იატაკის სამალავში და სათადარიგო საბურავში ჰქონდა განთავსებული.  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4844,55 ლარის ოდენობით.

არადეკლარირებული თანხა აღმოჩნდა ”წითელ ხიდზეც”. საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან მოქალაქე რ.ჰ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა 40000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.