საქართველოში შესაძლოა, საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას

საქართველოში შესაძლოა, საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას. ამის შესახებ მოქალაქეების ივანე ხოხლოვისა და ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში შევიდა.

„ბანკები, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო და სალიზინგო ორგანიზაციები ფაქტიურად უკონტროლოდ მოქმედებენ აბსოლუტურად დაუცველი ფართო მასების მიმართ, ადგენენ და იყენებენ კლიენტების მიმართ არათანაბარ პირობებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებებს, მალავენ მათგან სიცოცხლის დაზღვევის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ბოროტად იყენებენ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის სახელშეკრულებო უფლებამოსილებას, კლიენტთა მიმართ არღვევენ სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნებს, რაც იწვევს ათი და ასიათასობით პირთა გადახდისუუნარობის ან მათთვის ხელოვნური ფინანსური პრობლემების შექმნას.

ამ დარგში ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც გახდება დავების განმხილველი კვაზი-სასამართლო ორგანო, განტვირთავს საერთო სასამართლოებს, დაიცავს ასიათასობით მომხმარებელს, სამიზნე სექტორებში, ამჟამად იქ არსებული ბანკებისა და სხვა პირთა ფინანსური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დიდი მასშტაბებისგან,“- ნათქვამია წინადადებაში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.

თაია არდოტელი