"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი უხელმძღვანელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა 1994 წელს დაამთავრა მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, 1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაი-პოინტის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო - ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. 2002 წელს მას ბიოქიმიის ინსტიტუტის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მიენიჭა.

ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი 2008-2010 წლებში სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. NCT-ის აღმასრულებელი დირექტორის, 2010-2014 წლებში კი კომპანია შ.პ.ს. Borio International -ის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლიდან დღემდე შ.პ.ს Geo Standart-ის დირექტორის პოზიციას იკავებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა თანამდებობაზე ვლადიმერ ლაზარიშვილი შეცვალა, რომელიც კომპანიის დირექტორად 2014 წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა და ამ მოვალეობას დღემდე ასრულებდა.