„მიმზიდველია და კიდევ უფრო მიმზიდველი შეუძლია გახდეს“ - სექტორები, სადაც FDI-ს გაზრდის შესაძლებლობა არსებობს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა არის რეგიონი და იქ მიმდინარე პროცესები - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა ქვეყანაში შემცირებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას.

მისი განმარტებით, რუსეთის ომი უკრაინაში, აქედან გამომდინარე შექმნილი რისკები რეგიონისა და საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს. გარდა ამისა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კვლავაც პრობლემას წარმოადგენს არასტაბილური პოლიტიკური გარემო და დეპოლარიზაცია.

„ამასთანავე, უფრო მეტად მკაფიო და განჭვრეტად ეკონომიკურ პოლიტიკას ვისურვებდი და ამ მიმართულებითაც შესაძლებელია ნაბიჯების გადადგმა. ეკონომიკურ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირის რეკომენდაციებშიც წერია, რომ სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობა მოითხოვს წინ გადადგმულ მკაფიო ნაბიჯებს. კანდიდატის სტატუსი, რომელიც მივიღეთ, აჩენს გარკვეულ შესაძლებლობებს. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნები არიან ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ამ მიმართულებით ნამდვილად არის შესაძლებლობა როგორც EU-ს ქვეყნებიდან, ასევე ჩვენი პარტნიორებისგან არამარტო ახალ ბაზრებზე წვდომის ნაწილში, არამედ სტაბილურობის კუთხით, რაც ევროკავშირში გაწევრიანებამ უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. საჭიროა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ და რაც შეიძლება მალე დავუახლოვდეთ ევროკავშირის ინფრასტრუქტურას და ინვესტიციებიც უფრო წამოვა“, - ამბობს პაპავა.

კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობები, ეკონომისტი პასუხობს, რომ არაერთი სექტორი, მათ შორის ტურისტული, დამამუშავებელი მრეწველობა და სატრანსპორტო მიმართულება (გარკვეული ტვირთების გამტარობის კუთხით) ინვესტორებისთვის საინტერესოა. როგორც პაპავა ამბობს, ამ ნაწილში კერძო სექტორის როლი შესაძლოა, მეტად გამოიკვეთოს.

„მიმზიდველი არის და კიდევ უფრო მიმზიდველი შეუძლია გახდეს, არის არაერთი სექტორი საინტერესო ინვესტორებისთვის, ამ კუთხით მაგალითად, ტურიზმი ნელ-ნელა იწყებს აღდგენას და შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, დამამუშავებელი მრეწველობა ვახსენე, ეს ის სექტორია, სადაც დიდი შესაძლებლობებია. კიდევ ერთი არის ტრანსპორტის საკითხი, რუსეთის უკრაინაში ომმა კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა საქართველოზე, როგორც გამტარზე გარკვეული ტვირთების შუა კორიდორში. ეს კი იძლევა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას. ამ ნაწილში კერძო სექტორის როლი შეიძლება კიდევ უფრო გამოიკვეთოს“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

შეგახსენებთ, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 24%-ით შემცირდა და 1,594 მლრდ დოლარი შეადგინა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება. ინვესტიციების მოზიდვის კუთხით წამყვანი კვლავ საფინანსო და სადაზღვევო, დამამუშავებელი მრეწველობა და სატრანსპორტო სექტორები რჩებიან.

მერი ტაბატაძე