„მივიღებთ კიდევ ერთ ხარვეზიან ტალღას“ - რა გამოწვევებია მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია წლებია მიმდინარეობს, თუმცა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები ჯერ კიდევ გადაუჭრელია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი აცხადებს, მრავალწლიანი პროცესის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების 70%-მდე კვლავ დაურეგისტრირებელია.

მთავრობამ გასულ წელს განაცხადა, რომ დაფიქსირდა მიწის უკანონო რეგისტრაციის შემთხვევები, მოგვიანებით კი ამნისტიის კანონი მიიღო. როგორც ზაქარაშვილი ამბობს, სახელმწიფოს მიერ მიღებული ამნისტია ადასტურებს მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებულ ხარვეზებს, თუმცა ამნისტიას უნდა მოჰყოლოდა თანმდევი რეფორმები პრობლემის გადასაჭრელად, რაც რეალურად არ განხორციელებულა.

„თუ ამნისტია გვჭირდება, ე.ი. არის პრობლემები რეგისტრაციაში, ანუ შენ როგორც სახელმწიფოს ისეთი სისტემა გაქვს, რომელიც ვერ აზღვევს მიწის დატაცებებს, მაშინ ლოგიკურია, რომ უნდა იყოს ხარვეზების გასწორებაზე მუშაობა. ამნისტია გავიგეთ, მაგრამ ის რის გამოც ამნისტია იყო საჭირო, ამის გასასწორებლად რაიმე სხვა აქტი მიღებული არ არის“, - ამბობს იურისტი.

იურისტის თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში შესაძლოა, გარკვეული მომსახურება მოქალაქისთვის უფასო იყო, თუმცა რეალურად ეს თანხა იხარჯება მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან. მაშინ როცა სახელმწიფო უკანონოდ დარეგისტრირებულ მიწებზე ამნისტიას აცხადებს და პროცესი ხელახლა იწყება, გამოდის, რომ ბიუჯეტის თანხა სწორად არ იხარჯება.

„ის რომ, მოქალაქეს არ ვახდევინებთ თანხას, არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან არ მიდის ეს თანხა, ისევ მოქალაქეები ავსებენ ამ ბიუჯეტს. ეს თანხა კი შემდეგ ხმარდება კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის, უფასოდ გამოცხადებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს, თუ ეს ტრანზაქციები არ მიდის სწორად და გასაუქმებელი გვაქვს, გამოდის, რომ სწორად არ ვხარჯავთ ამ თანხებს“, - აცხადებს ზაქარაშვილი.

ზაქარაშვილის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სახელმწიფოს მისვლა თითოეულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ნოტარიუსის ადგილზე მიყვანა და რეგისტრაცია. გარდა ამისა, ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭიროა მოქალაქეებთან ეფექტური საინფორმაციო კამპანია. სხვა შემთხვევაში, „მივიღებთ კიდევ ერთ ხარვეზიან ტალღას“.

„სახელმწიფო სწორი მიმართულებით არ უდგება საკითხს, არ აანალიზებს მონაცემებს, არ საუბრობს ხარვეზებზე, არ იღებს ახალ რეგულაციებს, ასეთ პირობებში, პრაქტიკულად, კიდევ ერთ ტალღას მივიღებთ, რომელიც იქნება ხარვეზიანი და რაც მთავარია, ისეთი, რომელიც ვერ დაასრულებს მიწის რეგისტრაციის პროცესს. პროცესი 30 წელზე მეტია გრძელდება და არც ისე დიდ ტერიტორიაზე საუბარი. რა ტერიტორიაზეა საუბარი ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ საჯარო რეესტრი და შესაბამისი უწყებები უფრო და უფრო დახურულები ხდებიან. ბოლოს რაც გამოქვეყნებული ჰქონდათ, 70%-მდე მიწა დაურეგისტრირებელია“, - ამბობს იურისტი.

გარდა ამისა, ზაქარაშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის ტრანზაქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ მონაცემებში შეტანილი ჰქონდათ მაგალითად, თბილისში ბინის რეგისტრაციიდან მიღებული თანხა, რაც რეალურად სასოფლო-სამეურნეო მიწად ვერ ჩაითვლება.

„გამოქვეყნებული ჰქონდათ საჯარო რეესტრში ტრანზაქციების რაოდენობა, მაგრამ რაოდენობაში დათვლილი ჰქონდათ მაგალითად თბილისში ბინის რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში მიმართვა და რეგისტრაცია, რაც ვერ ჩაითვლება სასოფლო სამეურნეო მიწებად - ასეთი დაურეგისტრირებელი მიწების პირველადი რეგისტრაცია მოხდა“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მოქალაქეებისთვის გამოწვევაა დროში გაჭიანურებული პროცესი. სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში მიმართვის შემდეგ მოქალაქეებს თვეობით უწევთ ლოდინი. ზაქარაშვილის განცხადებით, ხშირად ეს „ლოდინის დრო ყველანაირ გონივრულ საზღვარს სცდება“. გარდა ამისა, მოქალაქეს აღნიშნული მიწის რეგისტრაციისთვის სასამართლო დავებიც შესაძლოა, დასჭირდეს, რაც 3-დან 5 წლამდე გრძელდება.

მერი ტაბატაძე